2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1 188 234 ვიზიტორი ეწვია
TBC Capital–მა ტურიზმის სექტორის ყოველთვიური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 1,188,234 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის იმავე პერიოდში ჩამოსული ვიზიტორების 20%-ია.
ამასთან, 2021 წლის 1 ოქტობრისთვის, 2019 წლის სამი კვარტლის ტურისტული შემოსავლების 34% უკვე აღდგენილია.
მიუხედავად იმისა, რომ სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობამ კლება დაიწყო, 2019 წელთან შედარებით აღდგენა აგვისტოზე მაღალია და 28.9%-ს უტოლდება. შედარებით სტაბილურმა ეპიდვითარებამ და გარკვეული ქვეყნების მიერ შეზღუდვების მოხსნამ მოგზაურებს უსაფრთხოების შეგრძნება დაუბრუნა, შედეგად კი სექტემბერში ვიზიტორების რაოდენობა იმაზე უკეთ აღდგა ვიდრე ზაფხულის თვეებში.
სექტემბერში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით კი 349%-ით მეტი ვიზიტორი ეწვია საქართველოს. ჩვეულებრივ, სექტემბერში ვიზიტორების კლება საკმაოდ მაღალია. თუმცა, კლების შემცირება, უპირველეს ყოვლისა, ისრაელიდან ჩამოსული ვიზიტორების მატებამ გამოიწვია. მათი რიცხვი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით 280%-ით გაიზარდა.