$15 მლნ-იანი სასტუმრო Golden Tulip-ი შემოდგომაზე გაიხსნება
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო Golden Tulip-ი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის განმახორციელებელი საინვესტიო კომპანია „ბლოკ ინვესტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, ობიექტზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია, დარჩენილია ბოლო დეტალებზე მუშაობა, რომელიც ზაფხულში დასრულდება.
„აქამდეც დასრულდებოდა, თუმცა ჩავთვალეთ, რომ პანდემიის პირობებში მის გახსნას აზრი არ ჰქონდა. უცხოელმა ტურისტებმა უკვე დაიწყეს მოძრაობა, იმედი გვაქვს, რომ შემოდგომისთვის უფრო კარგი სიტუაცია იქნება,“ - აცხადებს ჯანაშვილი.
ეს იქნება დედაქალაქში Golden Tulip-ის ბრენდის პირველი სასტუმრო, რომელიც 11 სართულიანია და მასში 78 ნომერი განთავსდება. სასტუმროს ექნება ტერასა, საკონფერენციო დარბაზი, რესტორანი, ლაუნჯ-ბარი.
შეგახსენებთ, სასტუმროს გახსნა რამდენჯერმე გადაიდო. მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად ფინანსური სახსრების მოზიდვაც სახელდებოდა. გაკეთდა რეფინანსირება, რის შემდეგაც პროექტი თიბისი ბანკმა დააფინანსა. რაც შეეხება პროექტის საინვესტიციო ღირებულებას, თორნიკე ჯანაშვილის განცხადებით, მისი ღირებულება 15 მილიონ დოლარს შეადგენს.