100-მდე ვაკანსია "აჭარა ჯგუფში" - "ვცდილობთ, ხმა მივაწვდინოთ დასაქმების მსურველებს"
ტურიზმის აღდგენის ნაწილში პოზიტიური სურათია, არა მარტო ჩვენს კომპანიაში, არამედ ზოგადად ინდუსტრიაში და კერძო სექტორში, - ამის შესახებ "აჭარა ჯგუფის" დირექტორმა ოთო ბერიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე თქმით, 2019 წელთან მიმართებაში ტურიზმის 80%-იან აღდგენას ელიან.
"2023 წელს დარწმუნებულები ვართ, რომ 100% ან კიდევ უფრო მეტი იქნება აღდგენის მაჩვენებელი, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. რა თქმა უნდა, ის ცუდი მოვლენები, რომელიც ჩვენს რეგიონში ხდება, ინდუსტრიასაც აზარალებს, თუმცა ტურისტულ ბაზარზე ცვლილებები მოსალოდნელიც იყო," - ამბობს ოთო ბერიშვილი.
მან ასევე პოსტკოვიდურ გარემოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმი და ავიაცია ყველაზე მეტად დაზარალდა პანდემიის დროს. ამიტომ, პირველ რიგში, სწორედ ამ ორ ინდუსტრიას მოუწია ადაპტირება და გადაწყობა ახალ რეალობაზე.
"საკმაოდ დიდი ცვლილებები მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში, მათ შორის დასაქმების კუთხით. თუმცა, ისეთმა ჯგუფებმა და ბრენდულმა სასტუმროებმა, რომლებიც მომავალზე და განვითარებაზე არიან ორიენტირებული, შეძლეს ამ მოვლენებთან ადაპტირება და პროექტები თუ სერვისები პოსტკოვიდურ რეალობას მოარგეს. ამ ეტაპზეც 100-მდე ვაკანსია გვაქვს, ყოველდღიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ადამიანებს," - აცხადებს "აჭარა ჯგუფის" დირექტორი.