ტექნოლოგიები
28/05/2021

საერთაშორისო ინფლუენსერებმა საქართველოს გაციფრულება დაიწყეს

"ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ციფრული მარკეტინგი საუკეთესოდ მუშაობს, ამიტომ ტურიზმის მხარდასაჭერად ჩვენც შესაბამის ნაბიჯებს ვირჩევთ," – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი ახალი პროექტის „გააციფრულე საქართველოს“ დახასიათებისას.

პროექტის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა, რომლებიც საქართველოს პროექტის ფარგლებში სტუმრობენ, ძველი თბილისის, მცხეთის, ჯვრის მონასტრის და შატო მუხრანის ლოკაციები დაათვალიერეს, დაგემოვნეს ქართული კერძები, სცადეს ჩურჩხელის ამოვლება, თონეში პურის ჩაკვრა, გაიმართა ღვინის და ჭაჭის დეგუსტაციებიც.

ინფლუენსერთა ნაწილი საქართველოში პირველადაა, უკვე დადებითი შთაბეჭდილებებით კიდევ უფრო მეტი მოლოდინი აქვთ.

„შემოთავაზებას სიამოვნებით დავთანხმდი, საქართველოში ნამყოფი არ ვიყავი. პროექტი მხოლოდ გუშინ დაიწყო და 24 საათის განმავლობაში უკვე უამრავმა ადამიანმა მკითხა ლოკაციის და ქვეყნის შესახებ, ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო დღეები გველის. ვიცი, რომ სანაპიროებიც და მთაც მშვენიერი გაქვთ და ისიც ვიცი, რომ ბევრ ამერიკელს სურვილს გავუჩენ - თავადაც იმოგზაუროს საქართველოში. შევეცდები თქვენი ქვეყანა ჩემი მიმდევრებისთვის მიმზიდველად წარმოვაჩინო, ამის პოტენციალი აქ ნამდვილად არის,” - საუბრობს „ბიზნესპარტნიორთან“ იან აგრიმისი, ინფლუენსერი ამერიკიდან.

პროექტი USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

„მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტს მხარს ვუჭერთ. საქართველოში ტურიზმი პანდემიამდე წლიდან წლამდე მზარდი იყო, ახლა კი ვფიქრობთ, რომ არაჩვეულებრივი დროა, ტოპ ინფლუენსერების საშუალებით, ქართული ტურისტული პროდუქტები მსოფლიოს მასშტაბით კიდევ ერთხელ გავიტანოთ. მოგზაურობა ნელ-ნელა უსაფრთხო ხდება, ამერიკაში და ევროპაში ვაქცინირებულთა რიცხვი უკვე ძალიან მასშტაბურია, ამ პროექტით გვინდა მათ შეტყობინებები გავუგზავნოთ, რომ საქართველო უსაფრთხო და ჯანსაღი ლოკაციაა და ღიაა ტურისტებისთვის. შედეგები ცოტა გრძელვადიანი იქნება და მაინც ეპიდ-ვითარებაზე დამოკიდებული, თუმცა, გვჯერა, რომ პროექტი საქართველოს ცნობადობას მოუტანს,“ - აცხადებს „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას მარკ მაკკორდი, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი.

ბლოგერები და ინფლუენსერები 4 ივნისამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხეს მოივლიან. მათ მიერ შეგროვებული ამბები, შთაბეჭდილებები და ემოცები კი სოციალურ ქსელებში მათსავე მილიონობით მიმდევრამდე მივა.

Businesspartner