ტექნოლოგიები
17/11/2021

ნათია თურნავა: საქართველოში პირველი ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდი შეიქმნა

Catapult Georgia-ს ვენჩერული საინვესტიციო ფონდის შექმნას ეკონომიკის მინისტრი დადებითად აფასებს.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოში 50 მილიონი დოლარის საინვესტიციო ფონდი შეიქმნება, რომელიც ქართულ სტარტაპებში ჩადებს ინვესტიციებს.

ფონდი შექმნილია ცნობილი ამერიკული ვენჩურული კაპიტალის მონაწილეობით, ფონდის მმართველი პარტნიორი ჯონათან თაუერი კი ინვესტიციებს ახორციელებს სილიკონ ველიზე და მისი მხარდაჭერით არაერთი სტარტაპი გარდაიქმნა წარმატებულ კომპანიად.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ჯონათან თაუერი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის საინვესტიციო კომიტეტის წევრი იყო, რომელიც სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან მოწვეული ექსპერტებით არის დაკომპლექტებული.

„ამერიკელი ექსპერტები და ინვესტორები დარწმუნდნენ, რომ ბევრი რამ გაკეთდა საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემის შესაქმნელად და ჩვენი სტარტაპები გახდნენ გლობალურად კონკურენტუნარიანები. ჩვენ მოვედით დღევანდელ ლოგიკურ შედეგამდე - იქმნება 50 მილიონიანი საინვესტიციო ფონდი, რომელშიც სახელმწიფოც მიიღებს მონაწილეობას. კერძოდ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო წარმოდგენილი იქნება, როგორც მინორიტარი პარტნიორი. ეს არ არის დაკავშირებული დიდ ინვესტიციასთნ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო წარმოდგენილი იქნება ამ ახალ ინიციატივაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგია, რომ კერძო ინვესტორები ინვესტორები ინტერესდებიან ჩვენი სტარტაპების არა მხოლოდ გარედან დაფინანსებით, არამედ უკვე საქართველოში ქმნიან პირველ, ტოპ კლასის ვენჩურული კაპიტალის ფონდს.

„დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ ინიციატივაში და უფრო აქტიურად დააფინანსებენ ჩვენს სტარტაპებს. ინოვაციების, ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის, ახალი ტექნოლოგიების განვითარება არის ჩვენი პრიორიტეტი. სწორედ ეს იქნება ჩვენი ეკონომიკის მთავარი ლოკომოტივი უახლოეს წლებში და მიხარია, რომ ამერიკელი ინვესტორები ასე აფასებენ ჩვენს მისწრაფებასა და წარმატებას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „კატაპულტ ჯორჯიას" შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე.

„კატაპულტი" არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია სილიკონის ველის გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია.