ტექნოლოგიები
23/10/2023

"კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში, ნებისმიერ ელექტრონულ სერვისზე ნდობის პრობლემაა"

"საქართველოში ელექტრონული კომერცია ძალიან სწრაფად ვითარდება, თუმცა გამოწვევა ბევრია,"-ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორს" USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ელ.კომერციისა და ICT-ის მიმართულების ხელმძღვანელმა, პაატა სირბილაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, 25 ოქტომბერს Ecommerce-ის საერთაშორისო დღე გაიმართება. რაშიც, მონაწილეობას 500-ზე მეტი მონაწილე მიიღებს, რომლებიც ერთმანეთს საკუთარ ხედვებს, გეგმებსა და გამოცდილებებს გაუზიარებენ.

გარდა ამისა, პრესკონფერენციაში ელ.კომერციის მიმართულებით ისეთი მსხვილი საერთაშორისო მოთამაშეები იქნებიან ჩართული, როგორიცაა Amazon-ი, Glovo, Viber-ი და სხვა მსხვილი წარმომადგენლები,  რომლებიც დარგის სპეციალისტებსა და დაინტერესებულ პირებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

"მნიშვნელოვანია ქვეყანაში ელექტრონული კომერციის პოპულარიზაცია, შესაბამისად, კონფერენციის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ცნობიერების ამაღლება და ელექტრონული კომერციის პოპულარიზაციაა. ასევე, დღეს დეფიციტია კარგი სატრენინგო და აკადემიური პროგრამების, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ.  

გარდა ცნობიერების ამაღლებისა და კადრების დეფიციტისა, პრობლემაა ასევე ელექტრონული კომერციის მიმართულებით კვლევის ნაკლებობა. თუმცა, კვლევები რომლებიც ხელმისაწვდომია, აჩვენებს, რომ ქვეყანაში ნებისმიერ ელექტრონულ სერვისზე ნდობის პრობლემაა.

ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის მრავალ ინიციატივას ვახორციელებთ, მათ შორისაა ერთ-ერთი ინიციატივა, რომელსაც VISA-სთან, TBC-სთან, "საქართველოს ბანკთან" და "ლიბერთი ბანკთან" ერთად ვახორციელებთ. ამ ინიციატივაში კი 200-მდე მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება ჩართული, რომლებსაც დაინტერესებული მხარეები გაციფრულებაში დაეხმარებიან, ხოლო ჩვენ 6 თვე სერვისს დავუფინანსებთ,"-აცხადებს სირბილაძე.

ცნობისთვის, Ecommerce day 25 ოქტომბერს ტარდება. ის ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში იმართება და ელექტონული კომერციის ინდუსტრიაში მიღწევებსა და ინოვაციებს აღნიშნავს. მისი მიზანი საქართველოში ელექტრონული კომერციის გარემოს ხელშეწყობა და გაუმჯობესება, ასევე ასოციაციის წევრებისა და საერთაშორისო ბაზრის წარმომადგენლებს შორის მჭიდრო კავშირის, გამოცდილების გაზიარების და სტრატეგიული პატრნიორობის შექმნაა, რათა მეტად გამარტივდეს როგორც ამ სფეროში არსებული  გამოწვევების დაძლევა, ისე ინოვაციური იდეების დანერგვა.