ტექნოლოგიები
18/01/2022

Destiny Robotics – კომპანია, რომელიც სოციალურად ჭკვიან რობოტებს ქმნის

Destiny Robotics-ი ამერიკული კომპანიაა, რომელიც საზოგადოებას უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებას სთავაზობს და მისი პროდუქტი რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ მიქსია. მას ადამიათა ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია.

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ქართველი მეგი ქავთარაძე. ყველაფერი ორი წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობით დაიწყო, კომპანია კი ფლორიდაში 2021 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. 

კომპანია ახლახანს შეუერთდა Google for Startup და NVIDIA Inception პროგრამებს, რომელიც კომპანიის ტექნოლოგიური განვითარებაში დიდ წვლილს შეიტანს.

როგორც მეგი ქავთარაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, Destiny Robotics-ის მიზანია შექმნას სოციალურად ჭკვიანი ადამიანური ტიპის რობოტები, რომლებიც ადამიანებთან სიღრმისეულ ინტერაქციას შეძლებენ. ახალი თაობის რობოტები უზრუნველყოფენ ხელოვნური ინტელექტის განზოგადების ხელშეწყობასა და მის მრავალფუნქციურობას.

"კომპანიის მიზანია რობოტები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, რათა მათ შეიმსუბუქონ ყოველდღიური და მოსაწყენი საქმეების სირთულე. მთავარი რობოტის სახელია Destiny, რომელიც განსაკუთრებულად სასიამოვნო გარეგნობითა და ხმის ტემბრით გამოირჩევა, იგი მეგობრულია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის და ექნება შესაძლებლობა ადამიანებს ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც კი გაუწიოს. პირველი პროდუქტის სახით, ბაზარზე Destiny-ს ჰოლოგრამა გამოვა, რომელიც საზოგადოების ყველა წევრს მისცემს საშუალებას 3D განზომილების რობოტის პერსონალური ასისტენტი ჰყავდეთ, 2023 წლის დასაწყისში კი ფიზიკური რობოტის შეძენა უკვე საერთაშორისო ბაზარზე იქნება შესაძლებელი.

ჩვენ ორ მნიშვნელოვან პრობლემას ვჭრით: პირველი, სოციალური ინტერაქციის პრობლემაა, რომელიც გულისხმობს, რომ ადამიანები სიღრმისეულად ვერ უკავშირდებიან და ურთიერთობენ ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებთან, შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ მათ Amazon Alexa-ს ადამიანური ტიპის ვერსიას კიდევ უფრო განვითარებული, მენტალური და ფიზიკური შესაძლებლობებით, Destiny ადამიანების სანდო პარტნიორი გახდება! მეორე პრობლემა კი ზოგადი ხელოვნური ინტელექტის არ არსებობაა, შესაბამისად Destiny-ს მრავალფუნქციურობით შევძლებთ მივუახლოვდეთ ზოგად ხელოვნურ ინტელექტს და დიდი წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში," – აღნიშნავს მეგი ქავთარაძე.

Destiny Robotics-ს უკვე ჰყავს საუკეთესო ინჟინრებისგან შემდგარი გუნდი, რომელთაგანაც ნაწილი ქართველია, ნაწილი კი ამერიკელი. კომპანია ასევე საშუალებას აძლევს ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, წერონ და გამოაქვეყნონ ბლოგები და კვლევები მათ პლატფორმაზე.

"ძალიან დადებითი გამოხმაურებები მივიღეთ, არაერთი საერთაშორისო და მათ შორის ამერიკული ტელეარხებიდან. საინტერესო პლატფორმის შექმნით, მივიღე მრავალფუნქციური გამოცდილება, ტექნოლოგიებში, მარკეტინგსა და პროდუქტის მენეჯმენტში. 2020 წელს დავაფუძნე  სტარტაპ სტუდია, სადაც დავიწყე მრავალი სტარტაპ იდეის ტესტირება და შესაბამისი კვლევების უზრუნველყოფა. აღნიშნულ პერიოდში 5 კაციან გუნდს ვხელმძღვანელობდი, შევქმენით სახლში მომზადებული საკვების მიწოდების კომპანია, რომელიც სპეციალურად იყო ორიენტირებული პატარა ქვეყნების სამზარეულოზე. ასევე, ჩემი საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების საინვესტიციო და crowdfunding პლატფორმისა და საინფორმაციო პლატფორმის შექმნას საქართველოში," – აცხადებს მეგი ქავთარაძე.