ტექნოლოგიები
11/07/2023

BDO Digital: გაზრდილი მიგრაციის ფონზე, სამუშაო ძალა IT სექტორიდანაც გაედინება

IT სერვისებზე, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა  მზარდია,  მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც არ ცდილობს, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების ჰაბი გახდეს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელმა ანზორ მეხრიშვილმა, განუცხადა.

მისი თქმით, უშუალოდ საქართველოში IT სექტორის პოტენციალი ძალიან დიდია და მისი ზრდის პერსპექტივაც არსებობს, თუმცა, ამისთვის  მეტი ადამიანური რესურსია საჭირო.

„ისევე როგორც სხვა სექტორებში, ბოლო 3 წელში გაზრდილი მიგრაციის ფონზე, სამუშაო ძალა IT სექტორიდანაც გაედინება, შესაბამისად, ბაზარი უფრო მეტ მომსახურებს ითხოვს, ვიდრე მიწოდებაა“, - ამბობს ანზორ მეხრიშვილი.

მისივე განმარტებით, ქართველ IT სპეციალისტებზე საერთაშორისო მასშტაბით მოთხოვნა მაღალია, რასაც შედარებით დაბალი სახელფასო შეთავაზება წარმოადგენს.

„საქართველო ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად ქვეყნად მიიჩნევა. ჩვენი სახელფასო რეინჯი 3-4 ჯერ ნაკლებია ვიდრე ამერიკელის, ბრიტანელის ან დასავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნის. შესაბამისად, თუ მსგავსი პროფესიონალის პოვნა შესაძლებელია, სხვადასხვა უცხოური კომპანია ცდილობს, რომ ჩვენს ქვეყანაში იპოვნოს შესაბამისი კადრი და ასე ვთქვათ, ხარჯი დაზოგოს. თუმცა მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ეს პლუსია, იმიტომ რომ უკეთესი შემოსავალი აქვთ“,- აღნიშნა ანზორ მეხრიშვილმა.

BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი დარგის კიდევ უფრო განვითარების მიზნით, ყურადღებას განათლების ნაწილზეც ამახვილებს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში არსებობს სხვადასხვა კერძო კოლეჯები, რომლებიც მაღალი კვალიფიკაციის კადრებს უშვებენ, თუმცა, საჭიროა IT სექტორის პოპულარიზაცია და ბავშვების დაინტერესება  სასკოლო ასაკიდანვე ხდებოდეს, რადგან ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და სწრაფად მზარდი სექტორი მთელ მსოფლიოში.

გარდა ამისა, ეს სფერო რელოკაციის შესაძლებლობას იძლევა და ადამიანს საქართველოდანვე შეუძლია დასაქმდეს და იმუშაოს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანისთვის.  

ცნობისთვის, დარგის ექსპერტების მოსაზრებით, საქართველოში კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომმა და შედეგად, სწორედ კომპანიების რელოკაციამ გამოიწვია. კომპანიებმა, რომლებიც საერთაშორისო სტატუსით შემოვიდნენ, 2-3 წლის გამავლობაში ფეხი მოიკიდეს, დაასრულეს საკადრო ნაწილის შევსება და გაზარდეს შემოსავლები, ამ ყველაფერმა ერთად კი ძალიან დიდი გავლენა იქონია საქართველოში კომუნიკაციებისა და ინფორმაციის სექტორის ზრდაზე. ამასთან, პანდემიის შემდგომ, სექტორის განვითარებას ბიძგი ტურიზმის აღდგენამაც მისცა. 

 

 

Businesspartner