ვირუსების ქართული სტერილიზატორი Blue Light სერიული წარმოებისთვის ემზადება
სამაგიდო სტერილიზატორი Blue Light სერიული წარმოებისთვის ემზადება. პროდუქტი, სავარაუდოდ, 6 თვეში გამოვა ბაზარზე და რამდენიმე ასეული დოლარი ეღირება. 15 000 ლარიანი მცირე საგრანტო პროგრამის გამარჯვებულმა სტარტაპმა გრანტის ფარგლებში დანადგარის პროტოტიპი და რამდენიმე ათეული მოდელი შექმნა, რომლებიც საჩუქრად ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სასაზღვრო პოლიციას, საბაჟოებს და სხვა დაწესებულებებს საჩუქად გადაეცათ.
"ვმუშაობთ იმაზე, რომ ინოვაციური დანადგარი სერიულად ვაწარმოოთ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ პირვანდელი პროტოტიპის აწყობას, დაახლოებით სჭირდებოდა 6 საათი, ახალი მოდელი უნდა აეწყოს, მაქსიმუმ 15 წუთში. სტერილიზაციის პრინციპი დარჩება იგივე, გავაუმჯობესებთ დიზაინს, შევამცირებთ დროს და გვექნება ბაქტერიოციდული 100%-იანი მოქმედება. აქცენტს ვაკეთებთ ეფექტურობასა და სისწრაფეზე,“ - განაცხადა „ბლულაითის“ დამფუძნებლმა სანდრო ოქროპირიძემ.
სამაგიდო სტერილიზატორის მუშაობის ეფექტურობა ლაბორატორიული კვლევებით და შესაბამისი სერთიფიკატებით უკვე დადასტურდა.
"ყველაზე ბოლოს, დეკემბერში ულტრაიისფერი სტერილიზატორებისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვვნა მივიღეთ და ძალიან კარგი შედეგები ვაჩვენეთ. კვლევების და განვითარების მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, გავაფართოვეთ გუნდი, დავიმატეთ მოლეკულური ბიოლოგი (ქართველი), ინჟინერ-დიზაინერი - ოპტიკური და სამედიცინო მოწყობილებების მიმართულებით (პოლონელი) და, კიდევ ერთი - ინტელექტუალური საკუთრების შექმნისა და დაცვის ექსპერტი (გერმანიაში მცხოვრები ქართველი). ვაპირებთ ჩვენი საბოლოო პროდუქტის დაპატენტებასაც.
დანადგარი მასობრივი საწარმოებისთვის რომ მომზადდეს, გუნდი მუდმივ სამუშაო რეჟიმშია. კვლევას თან ახლავს აღმოჩენები, აღმოჩენებს მოსდევს დანერგვა და შემდეგ ლაბორატორიული შემოწმება.
ამ ყველაფრისთვის საჭირო სახსრების მოპოვებას ჯიტას თანადაფინასების პროგრამაში მონაწილეობით ვცდილობთ. ვვარაუდობთ, 6 თვეში ჩვენი პროდუქტი ისევ საჭირო და მოთხოვნადი იქნება", - განმარტავს ოქროპირიძე.
შეგახსენებთ, რომ სამაგიდო სტერილიზატორი მცირე ზომის ნივთებზე ვირუსებს, ბაქტერიებს და სხვა მიკროორგანიზმებს ინდუსტრიული სიმძლვრის, UVC ტალღის გერმიციდული ნათურით და ყველა მხარეზე დამონტაჟებული ამრეკლავებით უმოკლეს დროში ანადგურებს.