სტარტაპი
24/01/2022

Susne – ბაზარზე ქართული ბადაგის პირველი ენერგეტიკული სასუსნავი გამოჩნდა

Susne ქართული ბადაგის პირველი ენერგეტიკული სასუსნავია, რომელიც ყურძნის წვენისგან მზადდება და ერთდროულად ტრადიციულის, გემრიელის და ენერგეტიკულის სინთეზს ქმნის.  

Susne–ს დამფუძნებელი ნანა ნონიაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ბადაგის სასუსნავის იდეა რეალურად ჩურხელადან წამოვიდა, თუმცა ბაზრის კვლევისა და სხვადასხვა ექსპერიმენტის შემდეგ, საბოლოო პროდუქტი მაინც განსხვავებული და ქართული ბაზრისთვის ინოვაციური გამოვიდა.

"მეგობრებთან ერთად საკვები პროდუქტების მიმართულებით სტარტაპის დაწყბა მინდოდა, ერთ-ერთi იდეა იყო ტრადიციული ჩურჩხელა, რომელიც საინტერესო პროდუქტია, თუმცა უცხოური ბაზრისთვის გაურკვეველი ფორმა აქვს, შეიცავს ძაფს და იშვიათად თუ შევხვდებით დაფასოებული სახით. ამიტომ, გადავწყვიტეთ ქართული ტრადიციული მიდგომები, ფელამუში და თხილი გარდაგვექმნა სასუსნავად, რომელიც არის ჯანსაღი და ენერგეტიკული პროდუქტი.

ტრადიციული პროდუქტები მრავლადაა ქართულ ბაზარზე და ისინი შეიძლება ჩვენს კონკურენტებად მოვიაზროთ, მაგრამ ბადაგის და თხილის მსგავსი სასუსნავი ქართულ ბაზარზე პირველია. თბილისში გვაქვს პატარა საწარმო და ამ ეტაპზე დიდ რაოდენობას არ ვაწარმოებთ, თუმცა, ეტაპობრივად გვინდა ჩვენი პროდუქტი სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე, ასევე ქსელურ მარკეტებში გავხადოთ ხელმისაწვდომი," – აღნიშნავს ნანა ნონიაშვილი.

ამ ეტაპზე, Susne ორი სახისაა, რქაწითელის და საფერავის ბადაგისგან დამზადებული. 45 გრ–იანი შეფუთვის ფასი 2 ლარია, რაც ყველა საფასო სეგმენტზეა მორგებული. მომხმარებელს, Susne–ს შეძენა ონლაინ შეუძლია, ასევე ხშირადაა წარმოდგენილი სხვადასხვა გამოფენაზე.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სამომავლოდ, ბიზნეს გეგმა ექსპორტსაც ითვალისწინებს, რადგან შეფუთვა და პროდუქტის დამზადების ტექნოლოგია ამის საშუალებას თავისუფლად იძლევა.

"ვფიქრობ, ჩვენს სასუსნავს საკმაოდ კარგი საექსპორტო პოტენციალი აქვს, რადგან ლოკალური, ტრადიციული პროდუქტის თანამედროვე სახით წარდგენა მსოფლიოს ბაზრებისთვის, თავისთავად, საინტერესოა. სამომავლოდ, პროდუქტის დივერსიფიცირების მიზნით, ვფიქრობთ სხვადასხვა ხილის წვენით შევქმნათ ახალი გემოები.

მომხმარებლის მხრიდან გამოხმაურებები ძალიან დადებითია, კარგად მიიღეს ეს სიახლე. საქართველო კარგი ბაზარია, იმის გასაგებად თუ როგორ განვავითაროთ ჩვენი ბრენდი და პროდუქტი," – ამბობს Susne–ს დამფუძნებელი.

ინფორმაციისთვის, კომპანიამ სტარტაპ საქართველოს დაფინანსება მოიპოვა, დაახლოებით 70 000 ლარის ოდენობით, რომელიც პროდუქტის შექმნას, დანადგარების შეძენას, ტესტირებას და სხვადასხვა დეტალებს მოხმარდა.

 

Businesspartner