"Silicon Valley Bank- ს არცერთი ქართული სტარტაპი არ დაუფინანსებია“- ავთანდილ კასრაძე
აშშ-ში Silicon Valley Bank-ის გაკოტრება ქართულ სტარტაპებზე პირდაპირ არ აისახება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი, ავთანდილ კასრაძე აღნიშნავს, ქართულ სტარტაპებთან მიმართებაში ამ კონკრეტული მოვლენის გამო რაიმე განსაკუთრებული ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა ასეთი მსხვილი ბანკის გაკოტრება, რომელსაც მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიები მიმართავენ, ფინანსური სექტორზე ცუდად აისახება.
„Silicon Valley Bank- ს არცერთი ქართული სტარტაპი არ ჰყავს და არ დაუფინანსებია, რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ეტაპზე მისული, რომ საბანკო სექტორისთვის თავის სასესხო პორტფელში ქართული ინოვაციური სტარტაპები მიმზიდველი ყოფილიყო,"- აღნიშნავს კასრაძე.
ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელის შეფასებით, გასული წელი სტარტაპ ეკოსისტემისთვის გლობალურად რთული იყო. მისი თქმით, ინვესტიციების ნაწილში კრიზისია და ბიზნესში ინვესტიცია ნაკლებად იდება, განსაკუთრებით ამერიკაში.
ცნობისთვის, აშშ-ში Silicon Valley Bank-ი გაკოტრდა, ეს არის ყველაზე დიდი ბანკი აშშ-ში, რომელიც 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ გაკოტრდა. Silicon Valley Bank-ი ე.წ. სტარტაპებს აფინანსებდა 2022 წლის ბოლოს მას ჰქონდა $209 მლრდ-ის აქტივები და დაახლოებით $175 მლრდ-ის დეპოზიტები.