საცხენოსნო ტურები ერთ სივრცეში - horsetours.ge-მ GITA-ს ₾30 000-იანი გრანტი მოიპოვა
პლატფორმა horsetours.ge საცხენოსნო ტურიზმის განვითარებას გეგმავს. სტარტაპის მიზანი დარგის გაციფრულებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს, როგორც მომხმარებლისთვის, ასევე სერვისის მიმწოდებლისთვის.
სტარტაპის პროექტმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 30 000 ლარიან საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.
როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელი ლაშა გაგოიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, horsetours.ge მომხმარებელს მარტივ გზას სთავაზობს იპოვოს და დაჯავშნოს მისთვის სასურველი საცხენოსნო ტური ერთ სივრცეში, დაზოგონ დრო და გაიმარტივონ პროცესი.
"ჩვენი პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს, მაგრამ ამ ეტაპზე მიღებული გრანტი გათვლილია კახეთის რეგიონის საცხენოსნო ტურიზმის პოტენციალის ასათვისებლად და გასაციფრულებლად, რაც ციფრული ვიდეო-მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს. დღეს არსებული რუკები უმეტესად მორგებულია საფეხმავლო და სამანქანო ტურიზმზე, რაც ძალიან განსხვავდება საცხენოსნო ბილიკებისგან. შესაბამისად, ჩვენი გეგმა სწორედ ისეთი გზების და ინფრასტრუქტურის მოწყობაა, რომელიც სპეციალურად საცხენოსნო ტურიზმისთვის იქნება გათვლილი.
პლატფორმა 5 თვეა გამოჩნდა და უკვე 100 მომხმარებელი ყავს. აქამდე დაფინანსება არ მიგვიღია და ინვესტიცია მხოლოდ ჩემი და horsetours.ge–ს მეორე თანადამფუძნებლის ინტელექტუალური რესურსია. ამ ეტაპზეც მე და ჩემი პარტნიორი ვუზრუველყოფთ პლატფორმის ფუნქციონირებას, თუმცა გრანტის მიღების შემდეგ, ვფიქრობთ, ფინანსური მენეჯერი შემოუერთდება ჩვენს გუნდს."–აღნიშნავს, ლაშა გაგოიძე.
მისივე თქმით, GITA-ს კონკურსში მიღებულმა გამოცდილებამ ახლიდან დაანახა ის პოტენციალი, რაც ამ პროექტს გააჩნია.
"კონკურსის პერიოდში მიღებული უკუკავშირი დაგვეხმარება სამომავლო გეგმების სწორად განხორციელაბაში. შეგვიძლია უფრო დიდ მასშტაბებზე გავიდეთ და განვავითაროთ პროექტი. ჯერ ვებ–პლატფორმის დახვეწას გავაგრძელებთ, მაგრამ წლის ბოლომდე გეგმაში გვაქვს, რომ horsetours.ge–ის მობაილ აპლიკაციის იდეით ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ისევ მივმართოთ."–ამბობს, სტარტაპის თანადამფუძნებელი.