ყველა სადაზღვეო შემოთავაზება ერთ სივრცეში – სტარტაპმა Ganage ₾100 000-იანი გრანტი მოიპოვა
Ganage ქართული სტარტაპია, რომელმაც ახლახანს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.
Ganage არის დაზღვევის ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ყველა სადაზღვეო შემოთავაზებას ერთ სივრცეში. სტარტაპს უკვე ჰყავს 14 პარტნიორი სადაზღვეო კომპანია, რომელთა შემოთავაზებების ნახვას მომხმარებელი Gana.ge-ს ვებსაიტზე შეძლებს.
როგორც კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი თინათინ შაყელაძე “ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, ამ ეტაპზე ვებ–გვერდზე გაშვებულია სატენდერო დაფა, რომელიც განკუთვნილია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.
„სატენდერო დაფის მეშვეობით კომპანიებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა ერთ სივრცეში განათავსონ სადაზღვევო ტენდერი და მიიღონ შემოთავაზებები 14 სადაზღვევო კომპანიისგან. ტენდერის განთავსების პროცესი საკმაოდ მარტივია. მაგალითად, კონკრეტული კომპანია განათავსებს პირობითად, ქონების დაზღვევის ტენდერს, რის შემდეგაც ჩვენი პარტნიორი სადაზღვეო კომპანიები უგზავნიან შეთავაზებებს წინასწარ განსაზღვრულ დროში, ხოლო კომპანიას ისღა დარჩენია აირჩიოს მისთვის საუკეთესო შეთავაზება. რაც მთავარია, ეს სერვისი ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია, რადგან კომპანია ზოგავს დროს და თავს არიდებს ყოველგვარ ფორმალობებსა და ბიუროკრატიას.“–აღნიშნავს, თინათინ შაყელაძე.
რაც შეეხება, ფიზიკური პირების დაზღვევას, ნოემბრიდან ვებ–გვერდს დაემატება ახალი პროდუქტი „განაგე დაზღვევა“, სადაც შესაძლებელია სადაზღვევო შეთავაზებების შედარება და შეძენა.
„ამ გზით დაზღვევის შეძენა ყველაზე გონივრული და მოსახერხებელი გზაა იმისთვის, რომ მომხმარებელმა იპოვოს მისთვის საუკეთესო სადაზღვევო პოლისი ბაზარზე. თუ აქამდე მომხმარებელს სჭირდებოდა თითოეულ სადაზღვეოს ინდივიდუალურად დაკავშირებოდა და განეხილა შეთავაზბები, Gana.ge-ზე ზუტად რამდენიმე წუთში შეძლებს 14 სადაზღვევო კომპანიის შეთავაზებებიდან სასურველი სადაზღვეო პაკეტის შერჩევას და ყიდვას.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის GITA-ს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რადგან კომპანია ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია განვითარების პროცესშია, ვცდოლობთ მაქსიმალურად დავხვეწოთ პროდუქტები და გავამარტივოთ ყიდვის პროცესი. მიღებული გრანტი ამ საქმეში დიდ როლს შეასრულებს. ამასთან, 14 სექტემბერს ოფიციალურად გავხდით “ევროპული ბიზნეს ასოციაციის“ წევრი.“–აღნიშნავს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, თინათინ შაყელაძე.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპი 3 ძირითად პროდუქტს მოიაზრებს, “Ganage დაზღვევა“, “სატენდერო დაფა“ და ონლაინ საგანმანათლებლო სივრცე– „დაზღვევა ორ სიტყვაში“, რომლის მიზანიც, ვიდეორგოლების საშუალებით, დაზღვევის შესახებ ცნობადობის ამაღლება, ტერმინების განმარტება და რჩევების გაცემაა.