სტარტაპი
04/10/2021

Plamood-ის სოციალური ქსელი სპორტის მოყვარულთათვის – სტარტაპმა ₾100 000-იანი გრანტი მოიპოვა

Plamood-ი სპორტული სოციალური მედიის ქსელია, რომელიც ვებ პლატფორმით და მობაილ აპლიკაციის საშუალებით, მომხმარებლებს ყველა საჭირო ისტრუმენტს სთავაზობს.

სტარტაპი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა თამაშისა და ღონისძიების გარშემო გაერთიანდნენ, ამას გარდა გამარტივებულია გუნდების შექმნა, მათი მენეჯმენტი, თამაშებისა თუ საკუთარი გუნდების ვარჯიშების დაგეგმვა, რაც დროს უზოგავს მომხმარებელს. ასევე, პლატფორმაზე ტურნირის ოპერატორებს შესაძლებლობა აქვთ მოიწვიონ გუნდები, აკონტროლონ განაცხადები, ჩაატარონ კენჭისყრა და გაანაწილონ ისინი. მთელი პროცესის ავტომატიზაციაა გაკეთებული, რომელიც გადატანილია ვებში და მობაილში. 

Plamood-ის თანადამფუძნებელი ვახტანგ დავლაშერიძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, საქართველოსა და მსოფლიოში პლატფორმის ზუსტი ანალოგი, სადაც ყველა აღნიშნული სერვისია ხელმისაწვდომი, არ არსებობს. ამ ეტაპზე ვებსაიტი სატესტო რეჟიმში მუშაობს, პირველი ტესტირებისას ჩატარდა სამოყვარულო ჩემპიონატი, სადაც 16 გუნდი იღებდა მონაწილეობას და ამ პერიოდში 1200-ზე მეტი მომხმარებელი დარეგისტრირდა.

“საქართველო ჩვენი პროდუქტის გასაცნობად კარგი დასაწყისია, უკუკავშირის მისაღებად, პროცესების დასახვეწად, რადგან რეალურსა და ციფრულ ცხოვრებას ერთმანეთთან ვაკავშირებთ, არავინ იცის ყველაფერი იდეალურად როგორ უნდა გაკეთდეს. ჩვენი ოპერირებაც მუდმივად სწავლს პროცესია. თუმცა სამომავლოდ აუცილებლად ვგეგმავთ სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლას, პირველ რიგში, სავარაუდოდ უკრაინაში, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და შემდეგ უკვე გლობალურად.

GITA-ს გრანტი დაგვეხმარება ჩვენს პლატფორმას და მობაილ აპლიკაციას მივცეთ დასრულებუული სახე და ვაწარმოოთ მარკეტინგული კამპანია. რაც მთავარია ეს არ არის მხოლოდ ფულადი დახმარება, ამ პროცესში დიდი გამოცდილება მივიღეთ, გავიარეთ ტრენინგი საერთაშორისო მენტორებთან, ამიტომ მათი მხრიდან ჩვენი სტარტაპის გამორჩევა და საუკეთესოებში მოხვედრა კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ უკეთესად განვავითაროთ პროექტი,“ – აცხადებს Plamood -ის თანადამფუძნებელი.

როგორც Plamood-ის წარმომადგენლები ამბობენ, სტარტაპს 4 დამფუძნებლი ყავს. მის შექმნაზე კი პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა, როგორც ტექნიკური თვალსაზრისით, ასევე ბიზნესის კუთხით.

“GITA-მდე იყო Impact Hub, სადაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, დაგვეხმარა იდეის სწორად შფუთვაში და გაგავაცნო ის საერთშორისო შეფასების კრიტერიუმი, რითაც ფასდება სტარტაპები, როგორც ინვესტორების, ასევე აქსელერატორების მხრიდან. შემდეგ უკვე GITA–მ მნიშვნელოვნად ასწია ჩვენი პრეზენტაბელურობის ხარისხი,“ – აღნიშნავს ვახტანგ დავლაშერიძე.

შეგახსენებთ, რომ GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტის მფლობელი 20 სტარტაპი 28 სექტემბერს გამოვლინდა. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას კომპანია უფრო წარმატებული გახადონ და საკუთარი პროდუქტი გლობალურ ბაზარზე გაიტანონ. სულ GITA-ში 246 განაცხადი იყო შესული, რომელთაგან ფინალურ ეტაპზე მხოლოდ 41 სტარტაპი გადავიდა. კონკურსანტებს ფინალური ეტაპისთვის, საინვესტიციო კომისიის წინაშე წარსადგენად სპეციალურად „სილიკონ ველიდან“ მოწვეულმა ტრენერებმა მოამზადეს. 

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

 

 

Businesspartner