სტარტაპი
06/05/2022

მურაბებისა და ჯემების მწარმოებელი კომპანია "ქეთო'ს" საწარმოს აშენებას გეგმავს

კომპანია "ქეთო'ს", რომელიც გამორჩეული გემოს მქონე მურაბებსა და ჯემებს აწარმოებს,  დუშეთში საკუთარ საწარმოს გააკეთებს.

"ქეთო'ს" დამფუძნებელი ქეთი მელაძე "ბიზნესპარტნიორთან" ამბობს, რომ ახალი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნება აღჭურვილი, რაც წარმოების გაზრდაში დაეხმარება.

"დუშეთში საწარმოს შენობა უკვე აშენებულია, სადაც ჯემებისა და მურაბების დამზადებას 2022 წლიდან დავიწყებთ. პირველ რიგში უნდა შევიძინო სასტერილიზაციო და ჯემების ჩამოსასხმელი აპარატი. ვინაიდან "ქეთო'ს" პროდუქციაზე მოთხოვნა დიდია, გაორმაგებული ძალებია საჭირო. სამომავლოდ უამრავი გეგმა გვაქვს, სადაც ექსპორტი აუცილებლად იგულისხმება. შარშან ვიყავით საფრანგეთში, სირჰას გამოფენაზე, სადაც კაკლის, ვარდის მურაბა და წიწაკის ჯემები  წარვადგინეთ. მომხმარებლებს 20 სახეობის მურაბას, ჯემს და "ჯემის საუზმეს" ვთავაზობთ. ნედლეული არის ადგილობრივი. ჩვენი მომწოდებლები გყვყავს კონკრეტული სახეობის ხილზე."–აღნიშნავს ქეთი მელაძე.

"ქეთო'ს" შოურუმი "ბაზარი ორბელიანზე" აქვს. პროდუქცია ხელმისაწვდომია ონლაინ, ასევე 15–მდე მაღაზიაში და კახეთის სასტუმრო "შუხმანში". რაც შეეხება ფასებს, 10 ლარიდან იწყება და 100, 200, 250 და 450მლ–იანი შეფუთვებშია.

"მურაბებს და ჯემებს აქვს განსაკუთრებული პიკანტური გემო, რომელიც არის გამორჩეული. მაგალითად, ვამზადებ ჟოლოს მურაბას ტარხუნით, ატამს როზმარინით, ჟოლოს წიწაკით და როზმარინით, უნაბის მურაბას დარიჩინით, წიწაკის ჯემს კომშით და ფეიხოთი და სხვა. ამასთან ვიყენებ ნაკლებ შაქარს, რომ პროდუქტის სიჯანსაღე შევინარჩუნო. ახალ გემოებზე მუდმივად ვმუშაობ და ამ მიმართულებით სამომავლოდ ბევრ სიახლეს შევთავაზებ მომხმარებლებს."– ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "ქეთო'ს" ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. ქეთი მელაძემ საქმიანობა პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც სტანდარტულ მურაბებს და ჯემებს ამზადებდა. შემდეგ კი იდეა გაუჩნდა განსხვავებული და საინტერესო გემოები შეექმნა.

 

 

 

Businesspartner