სტარტაპი
17/03/2021

Cardeal-მა 3 თვეში ₾1.6 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა

500 სტარტაპის პირველი ნაკადის ფინალისტმა Cardeal-მა ბოლო 3 თვის განმავლობაში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა.

"ამ თანხიდან 300 000 ლარი აქსელერაციის პროგრამაში გამარჯვებისას გადმოგვეცა. ბოლო სიახლე კი 1.3 მლნ ლარია, საიდანაც ნახევარი მსოფლიო ბანკიდან GITA-ს თანადაფინანსების გრანტია, ნახევარი კი საერთაშორისო ინვესტორებისგან მივიღეთ. ეს კომპანიაც, ჩვენს მსგავსად, ავტოინდუსტრიის წარმომადგენელია. აღებული თანხა სწრაფი მასშტაბირების გეგმას მოხმარდება, რომელიც 500 სტარტაპის ფარგლებში შევიმუშავეთ და, მეტწილად, მომხმარებლის ახალ სეგმენტზე გასვლას მოიაზრებს", - განმარტავს "ბიზნესპარტნიორთან" Cardeal-ის დამფუძნებელი ზურა ბაკურიძე.

Cardeal-მა შიდა ბაზრის წილი წარმატებით აითვისა. მიუხედავად იმისა, რომ ავტოინდუსტრია პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, როგორც კომპანიაში ამბობენ, ბოლო 5 თვეში გაყიდვებმა 500%-ით იმატა.

"არა მხოლოდ გაყიდვები, გუნდიც მნიშვნელოვნად გავზარდეთ. ძალიან დიდი წვლილი ამ განვითარებაში აქსელერაციის პროგრამას მიუძღვის, საიტიც საგრძნობლად განვაახლეთ და ჩვენც, ფაქტობრივად, გადამზადება გავიარეთ", - ამბობს ზურა ბაკურიძე.

გუნდი სილიკონ ველიზე აპრილში მიემგზავრება. ძირითადი მიზნები საერთაშორისო ინვესტორების რადარებზე გამოჩენა და საოპერაციო კუთხით ახალი კავშირების დამყარებაა.

 

Businesspartner