ბიზნესდაჯილდოება 2021–ის საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში PAYZE-მ გაიმარჯვა
თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021 განახლებული ფორმატით ჩატარდა და გამარჯვებულები გამოავლინა.
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპის ნომინაციაში ფინტექ კომპანია PAYZE-მ გაიმარჯვა, ამით სტარტაპმა თავის მრავალრიცხოვან ჯილდოებს თიბისი ბიზნესდაჯილდოების ჯილდოც მიამატა. როგორც „ფეიზის“ თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია ამბობს, PAYZE არის ფულის მიღების ონლაინ საშუალება, რომელიც გადახდების გაციფრულებით ბიზნეს პროცესებს ამარტივებს.“
PAYZE ონლაინ გადახდების პლატფორმაა, ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის თუ ფიზიკური პირისთვის, ვინც ვაჭრობს ონლაინ სივრცეში. „ფეიზის“ ტექნოლოგია ადამიანებს აძლევს საშუალებას ონლაინ გადახდები მიიღონ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ნებისმიერი ბარათით.
სტარტაპი 2021 წლის დასაწყისში გაეშვა, ძალიან ამბიციური მიზნით, რომ გამხდარიყო ფულის მიღების ყველაზე ეფექტური ონლაინ საშუალება. გაშვებიდან დღემდე „ფეიზიმ“ უკვე 250 000-ზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა, გახდა VISA-ს სტრატეგიული პარტნიორი, გავიდა უზბეკეთის ბაზარზე, 2022 წლის პირველ კვარტალში კი მისი სერვისები ხელმისაწვდომი იქნება უკრაინასა და ყაზახეთში, ხოლო წლის ბოლოს კი „ფეიზი“ გაეშვება პოსტ-საბჭოთა სივრცის 10 ქვეყანაში.
შეგახსენებთ, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2021–ის კონკურსში 360-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, მათგან საუკეთესოები კი დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოარჩია.