სოფლის მეურნეობა
30/11/2020

Walnuts.ge ეკოლოგიურად სუფთა კაკლის წარმოებას გეგმავს

კომპანია Walnuts.ge ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებას გეგმავს. საუბარია, ჩანდლერის ჯიშის კაკლის ბაღებში ჰერბიციდის გამოყენების უგულებელყოფაზე.

როგორც კომპანიის დირექტორი დავით ბუხნიკაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია 2021 წლიდან იწყებს ცდებს ორგანული სასუქების მიმართულებით.

„პირველი ეტაპი 2021 წელი საცდელი იქნება, თუმცა 2022 წელს ვგეგმავთ, სარეველას წინააღმდეგ ბრძოლაში ჰერბიციდი საერთოდ აღარ გამოვიყენოთ.

ეს დიდი განაცხადი და გამოწვევაა, რადგან ინდუსტრიულად ასეთი ბაღები ჰერბიციდის გარეშე ვერ მუშაობს“, - აცხადებს დავით ბუხნიკაშვილი.

ამ დროისთვის კომპანია უკვე ფლობს კაკლის ბაღებს საგარეჯოს რაიონში. 2021 წლის იანვრისთვის კი კაკლის ბაღების მთლიანი ფართობი 150 ჰექტარი იქნება.

Walnuts.ge-ში მუდმივად 20 ადამიანია დასაქმებული, ხოლო ყოველწლიურად, გაზაფხულ-ზაფხულში, მიმდებარე სოფლებიდან დამატებით 40-მდე ადამიანი საქმდება.

კომპანიის დირექტორის თქმით,  კაკლის ბაღების პროექტი გერმანელ და ავსტრალიელ პარტნიორებთან ერთად ხორციელდება, რაშიც 12 მლნ ლარის ინვესტირებული.

კითხვაზე, როდის შეძლებს კომპანია მოგებაზე გასვლას, ბუხნიკაშვილი აცხადებს, რომ ამას დაახლოებით 7 წელი დასჭირდება.