სოფლის მეურნეობა
16/12/2022

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ქართული ხილ - ბოსტნეული დაბალი ხარისხის გამო ევროპაში ვერ გადის

ქართული ხილი  და ბოსტნეული ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომელიც ევროპის ბაზარზე გასვლისთვისაა აუცილებელი. ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“   “ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პრობლემაა როგორც პროდუქციის ხარისხი, ისე რაოდენობა, შეფუთვა და ფასი. გამოწვევად რჩება პროდუქციის შეფუთვის საკითხი, რომელიც აუცილებლად მოსაგვარებელია.

ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმისთვის, რომ ქართული ხილ-ბოსტნეული ევროპის ბაზარზე გავიდეს, უნდა იყოს სტაბილური მიწოდების ჯაჭვი როგორც რაოდენობის, ისე ხარისხის და ფასის მხრივ. სახელწმიფოს მხრიდან არსებული ხელშეწყობა კი არასაკმარისია.

ბეჟიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია გატარდეს ის პოლიტიკა, რომელიც  მეურნეობების გამსხვილებას,მათ მხარდაჭერას და განათლებაში ფულის ჩადებას გულისხმობს.

„დღეს ქართული ხილი და ბოსტნეული ძირითადად რუსეთში გადის, ძალიან მცირე რაოდენობით - ევროპაში. თუ ჩვენ ბაზრების დივერსიფიკაციაზე ვიფიქრებთ, უნდა მოხმარებიდან ამოვიღოთ პლასტმასის შეფუთვა, რაც ევროპისთვის მიუღებელია. ეს მეორადი ნავთობროდუქტების გადამუშავების შედეგად მიიღება და ეკოლოგიურად არც თუ ისე სუფთაა. შესაბამისად, აუცილებელია მოვიზიდოთ სხვა ტექნოლოგიები, ეს კი ფინანსებთანაა დაკავშირებული. კერძო სექტორს სახელმწიფოსგან ან სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისგან ნაწილობრივი დახმარება მაინც დასჭირდება,“-აცხადებს ბეჟიტაშვილი.

ბეჟიტაშვილი 2022 წელსაც აფასებს და აცხადებს, რომ დარგისთვის საშუალო დონის იყო, ექსპორტი იმ მოცულობების შესაბამისად მიდიოდა, რაც ფერმერებს ჰქონდათ. 

„გარკვეულ მიმართულებებზე ექსპორტი გაიზარდა,ზოგზე - შემცირდა. მაგალითად, ატმის და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი გასული წლის იდენტურია, რაც შეეხება ციტრუსს, ცუდი მოსავლის გამო, ამ ნაწილში ექსპორტი  დაახლიებით 30%-ით შეგვიმცირდა. ვაშლის მოსავალი დიდია, თუმცა, არა მაღალი ხარისხის. შესაბამისად, მისი ექსპორტი შედარებით დაბალი ტემპებით, თუმცა, მაინც მიმდინარეობს,“-აცხადებს ბეჟიტაშვილი.

კითხვაზე, რა იყო 2022 წელს დარგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, ბეჟიტაშვილი აცხადებს, რომ ლოგისტიკური კუთხით პრობლემები არსებობდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია.

„ქართულ პროდუქციას საბაჟოზე რიგში დგომა. თუმცა, ჩვენი ასოციაციის ინიციტივით,დაინერგა სისტემა, რომლის ფარგლებში ქართულ მალფუჭებად პროდუქციას ენიჭება პრიორიტეტი და ურიგოდ მიდის,“-აცხადებს ბეჟიტაშვილი.