სოფლის მეურნეობა
30/08/2023

"თუ 10 წლის წინ მევენახეებს ჰქონდათ დაახლოებით ₾35-40 მლნ შემოსავალი, გასულ წელს ეს მაჩვენებელი ₾270 მლნ იყო“

„ბოლო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 50 ათასი ტონა ყურძნის მოსავლიდან გადამუშავებული ყურძნის რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და წელს, დაახლოებით 260 ათასი ტონა შეადგინა“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის სფეროს აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით.

„ბოლო პერიოდში სხვადასხვა კითხვა გვესმის ყურძენთან, რთველთან, ხორბალთან, თხილთან დაკავშირებით და სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების მხრიდან ამ საკითხების პოლიტიზირება ხდება. მე მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ უპრეცედენტოა ის მხარდაჭერა, რომელიც, ზოგადად, სოფლის მეურნეობის დარგს ბოლო წლების განმავლობაში აქვს, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა მედიასთან შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში ღვინის ექსპორტის გაზრდილ მაჩვენებლებს.

„10 წლის წინ ღვინის ექსპორტი შეადგენდა 20 მილიონ ლიტრს, წელს ველოდებით დაახლოებით 120 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტს. თანხებში რომ შევაფასოთ, დაახლოებით 400 მილიონი დოლარის ექსპორტზეა საუბარი ღვინისა და სპირტიანი სასმელების ნაწილში. ეს არის ძალიან დიდი შემოსავლის წყარო ჩვენი მევენახეებისთვის, მეღვინეებისთვის და, ზოგადად, ქვეყნისთვის. მუდმივად გვესმის კრიტიკა, ახლა გვთავაზობენ მიუღებელ მოსავალში გადავიხადოთ სუბსიდია, მაშინ როცა, წლების განმავლობაში ამბობდნენ რომ სუბსიდია იყო ცუდი და არ უნდა განგვეხორციელებინა. ეს არის, ჩემი შეფასებით, პოპულიზმი. ჩვენ ვეხმარებით როგორც მევენახეობის დარგს, ასევე სოფლის მეურნეობის სხვა მიმართულებებს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მედიასთან საუბრისას მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ღვინის მარკეტინგის მიმართულებით წლის განმავლობაში დაახლოებით 16 მილიონი ლარი იხარჯება.

„ბოლო წლების განმავლობაში 80 მილიონ ლარზე მეტი გვაქვს დახარჯული მარკეტინგის კუთხით ღვინის იმ ბაზრებზე პოპულარიზაციისთვის, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია. სწორედ ამის შედეგია, რომ ჩვენ 5-6-ჯერ გავზარდეთ მოსავლიანობაც, ექსპორტის მაჩვენებლებიც და რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ჩვენი მიზანია 2030 წლისთვის დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი იყოს ექსპორტიდან შემოსავალი ღვინის და სპირტიანი სასმელების კუთხით. ჩვენ ვაგრძელებთ მიზნობრივ მხარდაჭერას, რომელსაც კონკრეტული შედეგი ექნება,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

Businesspartner