სოფლის მეურნეობა
21/10/2022

,,ტირიფონის ბაღების” ხილი ექსპორტზე ამ ეტაპზე  ვერ გადის

,,ტირიფონის ბაღების” ხილი ექსპორტზე ამ ეტაპზე  ვერ გადის.

კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ გოჯიაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ მიზეზი კომპლექსურია,თუმცა, განმსაზღვრელი მაინც შესაბამისი შეფუთვის არ არსებობაა.

„მაღალკონკურენტულ ბაზარზე მუყაოს შეფუთვას ითხოვენ, დიდი იმედი მაქვს, რომ  უახლოეს მომავალში მათ მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. კომპანიისთვის სამიზნე ბაზარს წარმოადგენს  ინდოეთის ოკეანისა და არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნები. სხვა ყველაფერი აქ გამართული გვაქვს. შევიძინეთ ვაშლის დამხარისხებელი დანარგარიც, რომელსაც შეუძლია საათში 5 ტონა ვაშლი დაახარისხოს ზომის და ფერის მიხედვით“-აცხადებს გოჯიაშვილი.

მისივე განმარტებით, ექსპორტის განსახორციელებლად ასევე მნიშვნელოვანია კომპანიას შეეძლოს ერთგვაროვანი და დიდი რაოდენობით მოსავლის შეთავაზება,რაც კოლეგა ფერმერებთან/კომპანიებთან კოოპერატიულ ძალისხმევას საჭიროებს.  მცირე პარტიების შესყიდვით კი საერთაშორისო პარტნიორები ვერ დაინტერესდებიან. 

მისივე ინფორმაციით,ამჟამად კომპანია გორში მოსულ მოსავალს 100%-ით  ადგილობრივ ბაზარზე ყიდის. მათ შორის,თანამშრომლობს  დიდ სავაჭრო ქსელებთან.

როგორც ცნობილია, გორში 37 ჰა-ზე გაშენებულ ბაღებში 31 ჰექტარზე ვაშლისა და მსხლის თანამედროვე ჯიშებია დარგული, ხოლო 6 ჰექტარზე - ქლიავი. ეს უკანასაკნელი კი პრაქტიკულად შემოსავალს არ ტოვებს.  ჯამში „ტირიფონის ბაღები“ 67 ჰა მიწას ფლობს.

როგორც გოჯიაშვილი აცხადებს, „ტირიფონის ბაღების“ ტერიტორიაზე კომპანიას საათში 1000 ტონაზე გათვლილი სამაცივრე მეურნეობაც აქვს.

„ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში  31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 9  მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10  ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე  ადის.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.

 

Businesspartner