სოფლის მეურნეობა
16/02/2022

სამოთხის ვაშლის ბაღის პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2023 წლიდან გამოჩნდება

საქართველოში, სამოთხის ვაშლის ბაღიდან მიღებული პროდუქცია სარეალიზაციო ქსელში 2023 წლიდან გაიყიდება.

როგორც კომპანია „სამოთხის ბაღი მ7-ის“ დამფუძნებელმა გოგა ციცქიშვილმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე სამოთხის ვაშლის მცირე ბაღი უკვე გაშენებულია, პირველ მოსავალს კი კომპანია მომავალ წელს მიიღებს.

ციცქიშვილის განცხადებით, ბაღში მიღებული მოსავალი მთლიანად გადამუშავდება და ქსელში სამოთხის ვაშლის მურაბა გაიყიდება. საწყის ეტაპზე კომპანია 70 ძირ სამოთხის ვაშლის ნერგს ფლობს, მომავალ წელს კომპანია დაახლოებით 2 ტონამდე მოსავალს ელოდება.

მისი ინფორმაციით, კომპანიის საკუთრებაშია თბილისსა და ბორჯომში არსებული მცირე საწარმო, სადაც „გირჩევნიას“ ბრენდით ფიჭვი გადამუშავდება, სწორედ აქ გადამუშავდება სამოთხის ვაშლიც.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ პროდუქტზე მოთხოვნა დიდია როგორც რითეილის, ისე HoReCa სექტორის მხრიდან. „სამოთხის ბაღი მ7-ის“  დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც კომპანია თავს ადგილობრივ ბაზარზე დაიმკვიდრებს, დაგეგმილია პროდუქციის ექსპორტზე გატანაც. მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ევროპის, ისე დსთ-ს ქვეყნებთანაც.

ბაზარზე 1 ლიტრი სამოთხის ვაშლის მურაბის საბითუმო ფასი 20 ლარია.

პროექტ "სამოთხის ბაღი მ7“-ის საინვესტიციო ღირებულება ამ დროისთვის 10 000 ლარია, ჯამში კომპანია დაახლოებით 50 000 ლარის ინვესტირებას გეგმავს.

ცნობისთვის, სამოთხის ვაშლი, საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, ყველაზე მეტად სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. ის ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. შეიცავს პექტინს, რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და გულის შეტევის თავიდან აცილებას, აძლიერებს სისხლძარღვებს. სამოთხის ვაშლში არსებული ანტიოქსიდანტები ანელებს სხეულის დაბერებას; ეს ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს: თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, მანგანუმს, რკინას, და სხვ.