სოფლის მეურნეობა
17/02/2022

"სამოთხის ბაღი მ7“ ზაფხულიდან ფერმერებისგან სამოთხის ვაშლს ჩაიბარებს

კომპანია „სამოთხის ბაღი მ7“ მიმდინარე წლის ზაფხულიდან ფერმერებისგან სამოთხის ვაშლს ჩაიბარებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, კომპანია პროდუქციას მიიღებს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.

„მინიმალური რაოდენობის შეზღუდვა არ გვაქვს. მთავარია იყოს, ყვითელი ვაშლი. ჩვენ გვაქვს სადისტრიბუციო ქსელიც და დაინტერესების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები ადგილზე მიაკითხავენ ფერმერებს და პროდუქციას ჩაიბარებენ,“ - აცხადებს ციცქიშვილი.

კომპანიის საკუთრებაშია მცხეთაში, ნარეკვავის ტერიტორიაზე, 1000 კვადრატული მეტრის ფართობზე სამოთხის ვაშლის მცირე ბაღი, პირველ მოსავალს კი კომპანია მომავალ წელს მიიღებს. 

ციცქიშვილის განცხადებით, ბაღში მიღებული მოსავალი მთლიანად გადამუშავდება და სამოთხის ვაშლის მურაბა გაიყიდება. საწყის ეტაპზე კომპანია 70 ძირ სამოთხის ვაშლის ნერგს ფლობს, მომავალ წელს კომპანია დაახლოებით 2 ტონამდე მოსავალს ელოდება.

ცნობისთვის, სამოთხის ვაშლი, საქართველოს ყველა კუთხეში ხარობს, ყველაზე მეტად სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში. ის ბევრი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. მასში არის პექტინი რომელიც ასუფთავებს ნაწლავებს, ასევე ხელს უწყობს ათეროსკლეროზისა და გულის შეტევის თავიდან აცილებას, აძლიერებს სისხლძარღვებს. სამოთხის ვაშლში არსებული ანტიოქსიდანტები ანელებს სხეულის დაბერებას; ხილი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს და მიკროელემენტებს: თუთიას, სპილენძს, მანგანუმს, მანგანუმს, რკინას, და სხვ.