სოფლის მეურნეობა
19/09/2020

რატომ ყოვნდება და რა დროით ყურძნის ჩაბარება - მინისტრის განმარტება

მევენახეებს ყურძნის ჩასაბარებლად რამდენიმე საათიანი დაყოვნება უწევთ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეფერხებას ტექნიკურ პროცესებს უკავშირებს.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რთველის პიკურ პერიოდში, რიგები თანმდევი პროცესია. 

"მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10 ათას ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდება, რასაც  დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში 100-მდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ. რთველის საკოორდინაციო შტაბიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა. ასე რო,მ წელს მიდის საკმაოდ მშვიდად რთველი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების ემოციებზე თამაშის, რაც ვფიქრობ, უპასუხისმგებლობაა, რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრი კახეთში რთველის მიმდინარეობას და ღვინის კომპანიებში „წინანდლის ძველი მარანი" და „მეღვინეობა შუმი" ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 94 000 ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან 68 000 ტონა რქაწითელი, 18 000 ტონა საფერავი, 1 700 ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის.