რაში ეხმარება ფერმერებს მულჩი და რა დადებითი თვისებები აქვს ეკოლოგიის მიმართულებით
სანიტარული ჭრების შედეგად ხის ნარჩენისგან ორგანულ პროდუქტი მულჩი მზადდება, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობაში, ისე დეკორატიული მცენარეების, ეზოების, ბაღების და ზოგადად ლანდშაფტის ორგანული, ფერადი და ბუნებრივი დიზაინის შესაქმნელად გამოიყენება.
"ნედლეული მიიღება სანიტარული ჭრის შედეგად, აღსანიშნია ის ფაქტი, რომ კონკრეტული ნედლეული არცერთი სხვა მიმართულებით არ გამოიყენება, რადგან ვიყენებთ მხოლოდ დაზიანებულ და დაავადებულ ხე-მასალას", - აცხადებს "ბიზნესპარტნიორთან" "ჯეო მულჩის" დირექტორი კონსტანტინე გოგალაძე.
მისი განმარტებით, ნედლეული დაფქვის შემდეგ გადააქვთ ბაზაზე, სადაც უკვე საბოლოო სახეს იღებს.
"ბაზაზე ხდება ამ ნედლეულის კომპოსტირების პროცესი, ვამდიდრებთ ბიო ბაქტერიებით და სპეციალური ხის საღებავით, რომელიც მოგვაქვს ამერიკიდან", - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
ლანდშაფტური დიზაინის მიმართულებით არის 3 სახეობის პროდუქტი - წითელი, შავი და ყავისფერი მულჩი. ხოლო სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოიყენება ტორფნარევი მულჩი.
"რაც შეეხება დადებით თვისებებს, ძალიან ამცირებს წყლის აორთქლებას მიწიდან, ანაყოფიერებს ნიადაგს, ხელს უშლის სარეველა და სხვა მავნე მცენარეების გაზრდას", - განაცხადა კონსტანტინე გოგალაძემ.
საქართველოში ხის ორგანული მულჩი მზადდება ამერიკული ტექნიკის და ტექნოლოგიის გამოყენებით. მულჩირების ისტორიაც სწორედ შტატებიდან მოდის. დეკორატიული დანიშნულებისთვის განკუთვნილი ფერადი პროდუქტი ამერიკაში წარმოებული სპეციალური საღებავით იღებება. როგორც მწარმოებელ კომპანიაში ამბობენ, არსებობს სამხარაულის დასკვნაც, რომ ის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის უსაფრთხოა. მეტიც, მულჩს, რომელსაც ქალაქში შეხვდებით, ეკოლოგიური მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს.
"ეკოლოგიის თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ წყლის აორთქლებას უშლის ხელს, ასევე იწოვს აზოტს, შეუძლია მტვრის ნაწილაკების შეწოვა, რაც ძალიან აქტუალურია დღეს საქართველოში",- აცხადებს კომპანიის დირექტორი.
ამ ეტაპზე მოთხოვნადია დეკორატიული მულჩი, რადგან სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროდუქტს ნაკლები ცნობადობა აქვს. მწარმოებლები კი, განმარტავენ, რომ ბიორგანული მულჩი მცენარისთვის წარმოადგენს სასუქს, ამდიდრებს ნიადაგს, მეურნეს აგრარული სამუშაოებისგან ათავისუფლებს, როგორიცაა გათიბვა, გამარგვლა, ნიადაგის განოყიერება.
გადამუშავებული პროდუქტი გამოიყენება სოფლის მეურნეობის მრავალწლიან კულტურებთან, როგორიცაა მეხილეობა, მევენახეობა, კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები.
"სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ ვმუშაობთ ბიოვენახებზე, სადაც ურწყავი ბიოვენახები გვაქვს გაკეთებული. ჯერჯერობით ტესტირების პროცესშია, მაგრამ 3 წლის კვლევის შედეგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაახლოებით 70% გაუმჯობესდა ნიადაგი",- აღნიშნა კონსტანტინე გოგალაძემ.
მულჩის მწარმოებელი კომპანია რამდენიმე თვეში ბიოსერტიფიკატს ელის - შეფუთვაზე გაჩნდება ნიშანი, რომ ბიოლოგიური პროდუქტია. 2024 წლიდან კი, მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზეც გავა.