რა ღირს ღვინის მობილურ ქარხანაში 1 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა
ინოვაცია ქართულ მეღვინეობაში - კომპანიამ „მხოლოდ კარგი ღვინოები“ ღვინის მობილური ქარხანა შექმნა, რომელიც ბაზარზე აქტიურად უკვე 2 თვეა ოპერირებს.
სტარტაპის დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული მოდელი მორგებულია იმ მეწარმეების, მცირე მარნების საჭიროებებს, რომელთაც წვდომა არ აქვთ უახლეს ტექნოლოგიებზე და საკუთარი ქარხნის გამართვა არ შეუძლიათ შეზღუდული ფინანსური თუ ადამიანური რესურსის გამო. სერვისის მიღება ფიზიკურ პირებსაც შეუძლიათ.
მისივე ინფორმაციით, მოძრავ ქარხანას საათში 2700 ბოთლის ჩამოსხმა შეუძლია, ამასთანავე, ღვინოებს ბოთლით, ეტიკეტირებითა და საცობით უზრუნველყოფს.
როგორც მანაგაძე აცხადებს, კომპანიის სერვისის მიღება საქართველოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. მომსახურება მოიცავს ღვინის ფიბრაციას, სტაბილიზაციასაც.
„მცირე ზომის მარნებს და მეღვინეებს მცირე ქარხნის ეს მოდელი მკვეთრად შეუმცირებს იმ ხარჯს, რომელსაც ისინი დიდ ქარხნებთან ურთიერთობის დროს აწყდებოდნენ. დაუზოგავს დროსაც. ჩვენი სერვისის შედეგად ღვინის სიცოცხლისუნარიანობა იზრდება,“-აცხადებს მანაგაძე.
რაც შეეხება ფასს, 1 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა 20 ევრო/ცენტია.
„მხოლოდ კარგი ღვინოები“ ახალი ქართული სტარტაპია, რომელიც ღვინის მობილურ ქარხანას წარმოადგენს. პროექტი თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით განხორციელდა და 700 000 ევროს მოცულობის ინვესტიციით ქარხანა იტალიაში აეწყო.
მობილური ჩამომსხმელი უზრუნველყოფილია ავტონომიური დენის და ორთქლის გენერატორებით, ჰაერის და აზოტის კომპრესორებით, წყლის დამარბილებელი სისტემით და ჩამოსხმის წინა სტერილური ფილტრაციის 2 დანადგარით.
„მხოლოდ კარგი ღვინოების“ სერვისით უკვე ისარგებლა 10-მდე მეღვინეობამ (მათ შორის, კახეთში, იმერეთში, რაჭაში), თუმცა მოთხოვნა მზარდია და შემოდგომით კომპანიაში კიდევ უფრო დიდ მიმართვიანობას ელიან.