სოფლის მეურნეობა
09/02/2021

ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება

ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.

ჩასაბარებელი ყურძნის შაქრიანობა, რომელიც შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებითაა დადგენილი, განსაზღვრავს ყურძნის ხარისხს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ამასთან, კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია დროულად იყოს მიტანილი მევენახე ფერმერებამდე.

"ამ მიმართულებით აქტიურად იმუშავებენ სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები, რომლებიც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, უახლოეს დღეებში დაიწყებენ შეხვედრებს რეგიონებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ფერმერებთან. გარდა ამისა, მიმდინარე წელს იგეგემება ვენახების კადასტრის პროგრამის დასრულება კახეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, რაც მნიშვნელოვანია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და ხარისხიანი ღვინის წარმოების ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ოთარ შამუგიამ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლას თქმით, ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება მუდმივი პროცესია და სწორედ ვენახის მოვლასა და ყურძნის კონდიციაზეა დამოკიდებული ქართული ღვინის ხარისხი, მისი საერთაშორისო რეპუტაცია და, შესაბამისად, საექსპორტო ფასი.

Businesspartner