სოფლის მეურნეობა
05/07/2023

ნიკოლოზ ბიწკინაშვილი: ბიოღვინის წარმოებისგან მიღებული შემოსავალი დანახარჯებს მნიშვნელოვნად აჭარბებს

„ბიო ღვინის ფასი როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე  სტანდარტულთან შედარებით, 50%-ით მაინც მეტია“ - ამის შესახებ „აგროპარტნიორს“ კომპანიის „მართალი ღვინო“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, მართალია ბიოღვინის წარმოება საკმაოდ ძვირი ჯდება, თუმცა მიღებული შემოსავალი დანახარჯებს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

„ბიოწარმოებაზე გადასვლა არ იყო ადვილი პროცესი. კონვერსიის პერიოდი 3 წელი გაგრძელდა. 2020 წლიდან კი  გვაქვს სრულად ბიოწარმოება.“-აღნიშნა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში სულ 25 ოფიციალურად სერტიფიცირებული ბიოღვინის წარმოებაა რეგისტრირებული.

„ღვინის ისეთი მცირე წარმოება გვაქვს ბიო მიმართულებით, რომ უფრო ადგილობრივ ბაზარზე იყიდება ჩვენი პროდუქტი. 25 ოფიციალურად სერტიფიცირებული ბიო მეღვინე გვყავს. ჩვენც ვამატებთ ახალ ვენახებს და პროდუქციის რაოდენობაც თანდათან იზრდება. ვაპირებთ ჯიშების რაოდენობის მატებას.  ახლა გაშენებული გვქავს 4-5 სახეობის ძველი ვაზის  ჯიშები. მათ შორის: ქისი, ხიხვი, მხარგრძელი, გრძელმტევანა და სხვა უნიკალური ჯიშები.“ - განმარტა ნიკოლოზ ბიწკინაშვილმა.

ცნობისთვის, „მართალი ღვინო“ ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანიას ვენახები გურჯაანის რაიონ, სოფელ შაშიაანში აქვს გაშენებული. კომპანია ამჟამად სამი სახეობის ქვევრის ღვინოს აწარმოებს. მათ შორისაა რქაწითელი, საფერავი და ასევე, ბუნებრივად ნახევრადტკბილი ღვინო, რომელიც საფერავისგან მზადდება.

Businesspartner