მსყიდველუნარიანობის გასაზრდელად - კომპანიებს სესხის აღება 21 ნოემბრამდე შეუძლიათ
არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწვეტილების მნიშნელობაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს.
როგორც ლევან დავითაშილმა აღნიშნა, ეს არის დამატებითი ფინანსური რესურსი გადამმუშავებელი კომპანიებისთვის, რომელიც ვაშლის კონცენტრირებულ წვენს ამზადებენ და რომელიც საექსპორტო პროდუქტია.
"სუბსიდირებას ვახდენთ იმისათვის, რომ, უხვი მოსავლის პირობებში, ვაშლის ფასი ფერმერებისთვის მისაღები იყოს; ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიების მსყიდველობითი უნარი გაიზარდოს, რისთვისაც საბრუნავი საშუალების თანადაფინანსება ხორციელდება. 21 ნოემბრამდე ექნებათ კომპანიებს კრედიტის აღების შესაძლებლობა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო სექტორიდან მოთხოვნას და მოგვცემს შესაძლებლობას ის უხვი მოსავალი, რომელიც წელს გვაქვს, წარმატებით დავაბინაოთ და ფერმერებს პრობლემა არ შეექმნათ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასტანდარტულ ვაშლში ფერმერი 10-ის ნაცვლად 22 თეთრს მიიღებს. სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ უკვე მიიღო.
წელს ქვეყანაში 120 000 ტონა ვაშლის მოსავალს ელიან.