სოფლის მეურნეობა
18/10/2023

მიზეზები, რის გამოც მწვანილი და ბოსტნეული გაძვირდა - ვახტანგ ბეჟიტაშვილის განმარტება

საქსტატის მონაცემებით, ინფლაციის მაჩვენებლის საფუძველზე მწვანილი და ბოსტნეული გაძვირდა.

როგორც "ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა გადაცემა "ბიზნეს პოსტს" განუცხადა, ბოლო პერიოდში მწვანილისა და ბოსტნეულის გაზრდილი ფასის განმაპირობებლი მრავალი ფაქტორი არსებობს. მათ შორისაა, პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო დანახარჯები, მათ შესაწამლი და მოსავლელი საშუალებების ფასი და ა.შ. 

გარდა ამისა, ფასის მატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, განმაპირობებელი ფაქტორი, თავად პროდუქციის რაოდენობა და მისი ხარისხია.

"მოგეხსენებათ, პროდუქცია ღია გრუნტზე მოდის. წლევანდელ წელს კი  უხვი ნალექი და სეტყვა იყო. ამან პროდუქციის მხოლოდ გარკვეული ნაწილის მოყვანა, ან საერთოდ განადგურება გამოიწვია. რამაც, რა თქმა უნდა გარკვეული დეფიციტი შექმნა და ფასებზეც აისახა.

რაც შეეხება თვითკმარობის პრობლემას, საქართველოს სოფლის მეურნეობას ბაზარზე გარკვეული სეგმენტის დაკავება შეუძლია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ თვითკმარებიც ვიყოთ და პროდუქცია ექსპორტზეც გავიტანოთ,"-აცხადებს ბეჟიტაშვილი.

როგორც "ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის" ხელმძღვანილი განმარტავს, თანამედროვე ტენდენციებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში ცვალებადი გარემოა და იქ არსებულმა პრობლემამ შეიძლება ქვეყანას გარკვეული დეფიციტი შეუქმნას. თუმცა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის სწორი ჩართულობით, ძალიან კარგი პროექტების დანერგვაა შესაძლებელი.

 

Businesspartner