"მივხვდით, რომ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გარეშე არაფერი უნდა გაგვეკეთებინა"
„ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელი, ზურაბ გოჯიაშვილი „აგროპარტნიორთან“ ინტერვიუში სეტყვის თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების ზომების მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს.
როგორც თავად განმარტავს, საწყის ეტაპზე, როდესაც ბაღის გაშენება დაიწყეს, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდაც. შესაბამისად, სეტყვის მოსვლის შემდეგ ნარგავები იმდენად დაუზიანდათ, რომ ნახეთქების შედეგად გაჩენილი ნაწიბურები ახლაც შეინიშნება.
მისი ინფორმაციით, პირველი საყრდენი სისტემა „ტირიფონის ბაღებში“ 2016 წელს დაამონტაჟეს.
„10 ჰექტარი ბაღის გასაშენებლად საჭირო ნერგებში იტალიაში 115 ათასი ევრო, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებში კი 132 ათასი ევრო გადავიხადეთ. ნერგების ტრანსპორტირება სამი კონტეინერით შევძელით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის ჩამოტანისთვის 10 კონტეინერი დაგვჭირდა.
ძალიან მარტივად რომ გითხრათ ღირს თუ არა ხარჯის გაწევა, ამ ყველაფრის გამოსყიდვის ფაქტი დგება ზუსტად 15 წუთში, როდესაც სეტყვა მოდის.“ - აცხადებს გოჯიაშვილი.
ცნობისთვის, „ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონში, სოფელ კვარხეთში 31 ჰა ფართობზე გაშენებულ ვაშლისა და მსხლის სუპერ ინტენსიურ ბაღებს ფლობს. მათი ძირითადი ნაწილი ვაშლია, 2.6 ჰექტარი კი მსხლის ბაღებს უჭირავს. ბაღებში, ჯამურად, ინვესტირებულია 13 მილიონი ლარი. კომპანიაში მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული, სეზონურად კი მათი რიცხვი 50-მდე ადის.
კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო.