მიხო სვიმონიშვილის შვეიცარიული აგრარული სკოლის 7 სტუდენტი შვეიცარიაში გადამზადებას გადის
შვეიცარიულ აგრარული სკოლის “კავკასია“ 7 სტუდენტი შვეიცარიაში 2 კვირიან გადამზადებას გადის.როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სკოლის დირექტორმა თინათინ მახარაძემ განუცხადა, ვიზიტის პერიოდი 7-21 სექტემბერია.
სტუდენტები შვეიცარიაში ყველაზე წარმატებულ აგრარულ სკოლა - პლანტაჰოფის 1 კვირა სტუმრობენ, გადიან სტაჟირებას, მეორე კვირა კი საოჯახო საწარმოებში არიან განაწილებული, სადაც მუშაობენ და პრაქტიკულ დავალებებს ასრულებენ.
ვიზიტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.
სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის, "მარგებელი ჰოლდინგის" მფლობელის და შვეიცარიელი პარტნიორების ერთობლივი პროექტი გასულ წელს ამოქმედდა. პირველი 10 სტუდენტი (საბოლოოდ სწავლას 7 აგრძელებს) სკოლამ (კოლეჯი) გასული წლის ზაფხულში მიიღო.
მახარაძის ინფორმაციით, მიმდინარე ზაფხულში კოლეჯის ადმინისტრაციის მიერ უკვე შერჩეულია რამდენიმე სტუდენტი, თუმცა,ჩარიცხვები განათლების სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად ოქტომბერში განხორციელდება. სწავლა კი 8 ნოემბერს დაიწყება.
კოლეჯის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს სტუდენტებისთვის განათლების მიცემა მეცხოველეობისა და რძის გადამუშავების მიმართულებით, რომელიც დაფუძნებული იქნება დუალური სწავლების პრინციპებზე.
კოლეჯის ძირითადი საქმიანობა იქნება 2 წლიანი პროფესიული პროგრამა მეცხოველეობაში, რძისა და რძის პროდუქტების გადამუშავებაში. ამასთანავე, ფერმერებსა და მოყვარულებს საშუალება აქვთ გაიარონ მოკლევადიანი პროფესიული კურსები. პროექტის მიხედვით სოფელ სარკინეთშ,სადაც სპეციალურად მოწყობილია ფერმა და ყველის ქარხანა. 2 წლიან პროფესიულ პროგრამაში ჩართვა 12 კლასს დამთავრებულებს შეეუძლიათ.
პროექტის მთავარ პარტნიორად შეირჩა შვეიცარიაში ყველაზე წარმატებული აგრარული სკოლა - პლანტაჰოფი. პლანტაჰოფი უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შედგენას, მასალების შერჩევას, სასწავლო საწარმოების დაგეგმვასა და მასწავლებლების გადამზადებას.
სკოლის ინფრასტრუქტურა ასევე მოიცავს 30 სტუდენტზე გათვლილ საცხოვრებელ კამპუსსა და მცირე ზომის სასტუმროს მოწვეული უცხოელი მასწავლებლებისთვის.
პროექტი ხორციელდება კერძო ფინანსური ინიციატივით, ასევე მნიშვნელოვანი ფინანსური პარტნიორია კერძო შვეიცარიული ფონდი Swiss South Caucasus Foundation (SSFC), რომელიც მრავალი წელია მეცნიერებისა და განათლების სფეროში მოღვაწეობს.
დმანისის ყველის ქარხანაში დამზადებული ყველი ბრენდი „კავკასიის“ სახელით საწყის ეტაპზე კოლეჯში არსებულ მაღაზიაში იყიდება, სამომავლოდ კი დაგეგმილია როგორც ადგილობრივი ბაზრის ათვისება,ისე ექსპორტზე გასვლა.