მერაბ ჭითანავა: წელს გადამუშავებული თხილის გაგზავნა დიდ ბრიტანეთშიც განიხილება
საქართველოში თხილის მოსავლის აღება დასასრულს უახლოვდება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განუცხადეს, მათ მიერ წინასწარ ნავარაუდევი 50 ათასი ტონა თხილის ნაცვლად, წელს ქვეყანა დაახლოებით 10%-ით ნაკლებ მოსავალს მიიღებს, თუმცა მიღებული მოსავლით, გასული წლის მონაცემებს მაინც გადააჭარბებს.
თხილის მწარმოებლები ყურადღებას სახელმწიფოს მხარდაჭერაზეც ამახვილებენ. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან, მთავრობამ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი გაზარდა და ის თითქმის 24 მლნ ლარით განისაზღვრა. პროგრამის ფარგლებში, თხილის ბაღების მფლობელებს, მცენარეთა მოვლის საშუალებების შესაძენად, ბარათზე ერიცხებოდათ ქულები - 1 ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით.
როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში განმარტავენ, ამ ფაქტმა ფერმერების შრომის სტიმულირება მოახდინა.
„ვინც მოუარა თხილის ბაღებს დიდი რაოდენობის და მაღალი ხარისხის თხილი მიიღო. თუმცა, იყვნენ ისეთი ფერმერებიც, რომლებმაც ეს შესაძლებლობა არ გამოიყენეს და არ იზრუნეს თხილის ბაღების მოვლაზე, შედეგად, მათ ვერ მიიღეს სათანადო ხარისხის მოსავალი. წელს ისევ გამოწვევად რჩებოდა ხშირი ნალექიც, რა დროსაც თხილის ბაღებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ამ მიზეზის გამო, მინდა მოვუწოდო ფერმერებს, რომ მეტად ჩაერთონ დარგის განვითარების საქმეში“, - განაცხადა „თხილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ.
მისივე თქმით, წელს თხილის მოსავალი სავარაუდოდ, 45 ათასი ტონა იქნება. „ამ რაოდენოდან, ნახევარზე მეტი მაღალი ხარისხის იქნება და ის ექსპორტზეც გავა. დაინტერესება ტრადიციულად ევროპული სახელმწიფოებიდანაა, უმეტესად გერმანიიდან და იტალიიდან. წელს გადამუშავებული თხილის გაგზავნა დიდ ბრიტანეთშიც განიხილება. ქართულ თხილზე მოთხოვნას თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა განაპირობებს. კერძოდ, ქართული პროდუქცია ევროპაში შეტანის დროს არ იბეგრება, რაც 15-დან 20 ცენტამდე უპირატესობაა 1 კილოგრამ თხილზე.
რაც შეეხება თხილის წლევანდელ ფასებს, თხილის რეალიზაცია ხდება ხარისხის მიხედვით და ამჟამად, საქართველოში 1 კილოგრამი თხილის გულის ფასი საშუალოდ 13-დან 14 ლარამდეა, მსოფლიო ბაზრებზე კი 6 ევროა. თუმცა, სექტორს მოლოდინი აქვს, რომ ფასები მზარდი იქნება. თხილის მწარმოებელი ყველა ქვეყანა თურქეთის გადაწყვეტილებას ელოდება, თუ რა ფასებს დადებს თურქეთი, რომელიც თხილის სექტორში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა“, - განმარტა მერაბ ჭითანავამ.
შეგახსენებთ, გასულ წელს, ხშირი ნალექის გამო, ფაროსანას წინააღმდეგ სათანადო წამლობების ჩატარება ვერ მოხერხდა. შედეგად, 2021 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში 55 ათასი ტონა თხილი მოვიდა, მოსავლიანობა 2022 წელს 40 ათას ტონამდე შემცირდა. ამასთან, 2022 წელს საქართველომ საერთაშორისო ბაზარზე თხილის რეალიზებით 102 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლები იყო.