სოფლის მეურნეობა
26/07/2020

მაყვლის ყველაზე დიდი ბაღი საქართველოში - "ზზ ჯგუფმა" პირველი მოსავალი აიღო

კომპანია „ზზ ჯგუფმა“ კასპში გაშენებული კენკრის ბაღიდან პირველი მოსავალი მიიღო.

მაყვლის ბაღი 12 ჰა-ზეა გაშენებული. პროექტი კომპანიამ სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში განახორციელა და ეს არის საქართველოში ყველაზე დიდი მაყვლის ბაღი, რომელიც 12 ჰექტარზეა გაშენებული.

„ზზ ჯგუფმა“ კენკრის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის 98 587 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. აქედან 71 099 ლარი ნერგების შესაძენად, 27 488 ლარი წვეთოვანი სისტემის მოწყობისთვის.

ბაღში 20 ადგილობრივია დასაქმებული.

"ბოლო წლებში კენკროვნების მიმართულება ქვეყანაში ძალიან პოპულარული გახდა და აქტიურად ვითარდება, თუმცა ჯერ საწყის ეტაპზე ვართ და ბევრ რგოლს სჭირდება ხელშეწყობა. ფერმერებს სჭირდებათ ახალ ტექნოლოგიებთან წვდომა, აგრონომთა მხრიდან კონსულტაციები. რომ არა პანდემია, წელს უკვე გვეყოლებოდა უცხოელი კონსულტანტები კონკრეტული დარგობრივი კულტურების, მათ შორის, კენკროვანის მიმართულებებით. 2021 წლიდან, ამ პროგრამებს ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მაყვლის ბაღის დათვალიერებისას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კენკროვანი კულტურის მოსავლის დაბინავების კუთხით, შემნახველი ინფრასტრუქტურის გამართული მოწყობისათვის სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

„მოსავლის დაბინავება უნდა ხდებოდეს შესაბამისი სამაცივრო, გამაგრილებელი, შემნახველი ინფრასტრუქტურის პირობებში. ამისთვის ჩვენ გვქონდა კოოპერატივებისთვის თანადაფინანსების კომპონენტი. ინდივიდუალური მეურნეობებისთვის ეს კომპონენტი 2021 წლიდან ამოქმედდება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.