"ლოლაძეეების ფერმამ" ეგზოტიკური ხილის წარმოება დროებით შეაჩერა
პანდემიის გამო “ლოლაძეეების ფერმამ“ ეგზოტიკური ხილის წარმოება დროებით შეაჩერა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ განუცხადა, ეგზოტიკური ხილის მომხმარებელი ძირითადად, ტურისტი იყო, შესაბამისად, შემცირებული ტურისტული ნაკადები კომპანიის გაყიდვებზე საკმაოდ ნეგატიურად აისახა.
„პანდემიის გამო ყველაფერი გადაიდო და გაჩერდა. შევაჩერეთ ეგზოტიკური ხილის წარმოებაც იქამდე, სანამ პანდემიაა. მრავალწლოვანი ხილი, როგორიცაა მინიკივი, მხოლოდ ის იწარმოება, თუმცა ის სარეალიზაციო ქსელში არ შეგვაქვს. არსებულ ფერმაში ქართული სიმინდი გვაქვს დათესილი,“ - აცხადებს ლოლაძე.
კითხვაზე, ეგზოტიკური ხილის წარმოების დროებით შეჩერების მიზეზი პანდემიასთან ერთად ხომ არ იყო ის, რომ ადგილობრივმა ბაზარმა ვერ მიიღო აღნიშნული პროდუქცია, ლოლაძე აცხადებს, რომ ხილს თავისი მყიდველი მაინც ჰყავდა. თუმცა, ამ სეგმენტმა პანდემიის გამო დაიწყო ფინანსების დაზოგვა და პრიორიტეტი უფრო პირველადი მოხმარების პროდუქტებს მიანიჭა.
„ლოლაძეების ფერმა“ საქართველოს ბაზარზე ეგზოტიკურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს, მათ შორის, მინი კივს, ოკრას, პეპინოს, კივანოს, ფიზალისს და შავ სიმინდს 2016 წლიდან აწარმოებდა.
საქართველოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა „ლოლაძეების ფერმის“ კივანოს პროდუქციას, რომელიც იგივე აფრიკული კიტრი გოგრისებრთა ოჯახს ეკუთვნის და წარმოშობით აფრიკიდანაა. დღეისთვის მას აწარმოებენ სამხრეთ ამერიკაში, ისრაელში, იტალიასა და ახალ ზელანდიაში. პროდუქტი გამოიყურება, როგორც 10–15 სმ სიგრძის ეკლებიანი გოგრა, მისი რბილობი მწვანეა და უმეტესად გრძელი, 5–10 მმ სიგრძის მქონე თეთრი თესლები აქვს. საკვებად გამოიყენება როგორც კოქტეილების, ისე ხილის სალათების დასამზადებლად.
რაც შეეხება პეპინოს, „ლოლაძეების ფერმაში“ ეს ხილი 2020 წელს პირველად მოხვდა ტექნოლოგიურ დამუშავებაში. ოკრა კი ერთწლიანი კულტურაა. მცირე ზომის უბუსებო მინი კივის პლანტაციები ლაგოდეხში პირველად 15 წლის წინ დაირგო. მინი კივი ტრადიციულისგან არა მხოლოდ ზომით, არამედ გემო თვისებებითაც განსხავდება. ამასთან, პროდუქტს არ აქვს ბუსუსები და მისი დაგემოვნება კანითაც შესაძლებელია.
კომპანიას გამოჰყავს მინი კივის ნერგებიც, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია სხვადასხვა რეგიონებში, განსაკურებით, მაღალმთიან რეგიონებში. რაც შეეხება ექსპორტს, წარმოებული პროდუქციის რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა. ჯამში ლოლაძეების ფერმა 10 ჰექტარს მოიცავს.
ფიზალისის, იგივე ოქროსფერი კენკრის წარმოება „ლოლაძეების ფერმაში“ 2019 წელს დაიწყო. მას ხალხურ მედიცინაში მრავალი დაავადების სამკურნალოდ გამოიყენებენ, მდიდარია A, B და C ვიტამინებით. გარდა ამისა, მისგან ამზადებენ მარინადს.