სოფლის მეურნეობა
14/07/2023

ლევან სილაგავა: ვიმედოვნებ, რომ მარცვლეულის დერეფანი გაიხსნება

"ვიმედოვნებ,  რომ მარცვლეულის დერეფანი  გაიხსნება.“- ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობისას განაცხადა.

ლევან სილაგავას თქმით, თუ დერეფნის გახსნაზე რუსეთი უარს იტყვის, არსებობს ალტერნატიული მექანიზმები, რითაც უკრაინაში არსებული ხორბლის მარაგების გამოტანა  მოხდება.

„არის შემუშავებული გარკვეული სქემები, რომლებიც მინიმალიზებას უკეთებს ამ რისკებს. თუმცა დერეფნის დახურვა ხორბლის  საერთაშორისო ფასებზე გავლენას მაინც მოახდენს, რადგან საჭირო გახდება ალტერნატიული გზების გამონახვა.  გარკვეული სათადარიგო გეგმები უკვე დასახულია, მათ შორის თურქეთის შეთავაზება განიხილება, რომელიც გულისხმობს რომ უკრაინულ გემებს დერეფანში თურქული გემები გააცილებენ.“- აღნიშნა ლევან სილაგავამ.

გაეროსა და თურქეთის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება, 18 ივლისს ეწურება ვადა.

უკრაინამ და რუსეთმა გასული წლის 22 ივლისს სტამბოლში გააფორმეს შეთანხმებები თურქეთთან და გაეროსთან, უკრაინის სამი პორტის - ოდესის, ჩერნომორსკისა და იუჟნის - გათავისუფლების შესახებ. ეს პორტები ბლოკირებული იყო მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, „მარცვლეულის შეთანხმების“ რამდენიმე თვით გაგრძელების სანაცვლოდ, სანქცირებული რუსული სოფლის მეურნეობის ბანკის, „როსსელხოზბანკის“ შვილობილი კომპანიის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან დაკავშირებას სთავაზობს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

agropartner.ge

Businesspartner