სოფლის მეურნეობა
09/09/2022

"ლაურუსი" რუსეთში დაფნის ექსპორტს ზრდის

დაფნის გადამამუშავებელი საწარმო "ლაურუსი" რუსეთში ექსპორტს ზრდის.

"ლაურუსის" დირექტორი ვანო ჯალაღონია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ კომპანიის წარმოებული და დაფასოებული დაფნა 100%-ით რუსეთში გადის და პროცესი არც რუსეთ-უკრაინის ომის დროს შეჩერებულა.

ჯალაღონიას განცხადებით, კომპანიას რუსეთში წლიურად 207 ტონა დაფნის ფოთოლი გაჰქონდა, წელს კი რაოდენობა 300 ტონამდე შეიძლება გაიზარდოს.

„რუსულ ბაზარზე მოთხოვნა გაიზარდა. ჩვენი დაფნა იგზავნება ნოვოსიბირსკის ოლქში, ჩრდილოეთ რაიონში, სადაც უმეტეად ხორცით იკვებებიან და იქაური მოსახლეობა დაფნას აქტიურად იყენებს.

დაფნის ექსპორტზე გატანა ჩემთვის უფრო მისაღებია, რადგან ადგილობრივი ბაზარი გაჯერებულია. აქ დაფნა ყველას მოჰყავს და მისი რეალიზაციის მაჩვენებელი დაბალია,“ - აცხადებს ჯალაღონია.

"ლაურუსი“ სენაკში, სოფელ ნოსირში მდებარეობს. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი შოთა წურწუმიაა, რომელიც რუსეთში ასევე  კომპანია "ლაურუს სიბირს" ფლობს და მაღაზიებს სუნელ-სანელებლებითა და დაფნით ამარაგებს.

კომპანია "ლაურუსი" სენაკში, 2007 წელს დაფუძნდა. კომპანიამ პროექტში დაახლოებით 150 000 დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

Businesspartner