სოფლის მეურნეობა
26/08/2022

კომპანია "ბუტრანას" ახალ ფერმაში მუშაობა რობოტმა დაიწყო

კომპანიამ „ბუტრანა“ მესაქონლეობის ფერმაში თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგა. ფერმაში დაახლოებით 1 კვირაა ცხოველთა კვების პროცესი რობოტექნიკით ხორციელდება.

როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა განაცხადა, ტექნოლოგიის და სისტემების იმპორტი ჰოლანდიიდან განხორციელდა.

მისივე განცხადებით, „ბუტრანას“ ფერმას აქვს ამბიცია, რომ საქართველოში ყველაზე მაღალტექნოლოგიური და მაღალრენტაბელური ფერმა იყოს.

როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, „ბუტრანას“ მერძეული ფერმა ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც საწარმოო პროცესში „გეო გაპ” სტანდარტი დანერგა, რომელიც არის ადგილიბრივი და  უვნებელი, ხარისხიანი და მიკვლევადი რძის წარმოებას უზრუნველყოფს. კომპანია  2019 წლიდან სერტიფიცირებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივი აღიარების სერტიფიკატითაც.

ხატიაშვილის ინფორმაციით, საწარმოში ინერგება ISO 22000 -ის სტანდარტი, რომელიც  ადგენს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში.

შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა  მიმდინარე წლის აპრილში გახსნა. საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს,სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის 30-მდე გაზრდა. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

 

 

Businesspartner