ქართველი ფერმერები თხილის ინდუსტრიაში ევროპულ გამოცდილებას დანერგავენ
პირველ რიგში შრომაა საჭირო და ამაში უნდა ვიყოჩაღოთ ქართველმა ფერმერებმა, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი თოდუამ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი თოდუამ განუცხადა.
მან საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის, სხვადასხვა კოოპერატივის, ფერმერთა ასოციაციის, ასევე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლების საქმიანი ვიზიტი შეაფასა, რომელიც ბელგიასა და საფრანგეთში მიმდინარეობდა.
„ეს იყო სასწავლო ვიზიტი საფრანგეთსა და ბელგიაში. შევხვდით ევროპულ კოოპერატივებს, ფერმერულ ასოციაციებს, გავეცანით მათ საქმიანობას და გამოცდილებას. შეხვედრების მიზანი იყო, რომ ევროპული გამოცდილება და სტანდარტები დავნერგოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში, ცხადია, მათ შორის თხილის ინდუსტრიაში“, - აღნიშნა გიორგი თოდუამ.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კოოპერატივების არსებობის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„წარმოიდგინეთ საფრანგეთის სამი-მეოთხედი სწორედ კოოპერატივებშია გაერთიანებული. ძალიან კარგად მუშაობს ევროპაში ეს სისტემა, რაც საბოლოო ჯამში, წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე აისახება. კოოპერატივებს აქვთ როგორც სახელმწიფო სუბსიდია, ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსება, ასევე ევროკავშირისგან იღებენ სხვადასხვა გრანტებს“, - განმარტა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება მაღალ დონეზე საქართველოსთვისაც აუცილებელია.
„ევროპაში, ჩვენ სადაც ვიმყოფებოდით, ფაქტობრივად, დაუმუშავებელი მიწა არსად გვინახავს. დაწყებული საფრანგეთიდან - ბელგიამდე. ყველგან სხვადასხვა კულტურაა გაშენებული. კოოპერატივები და ასოციაციები მუშაობს უმაღლეს დონეზე. დღეს რასაც ვხედავთ, ევროპაში ბევრი მაგალითია მხარდაჭერის სხვადასხვა ორგანიზაციისგან და ასევე სახელმწიფოსგან. საქართველოშიც არის, ცხადია, გარკვეული ხელშემწყობი პროგრამები, თუმცა, ბუნებრივია განსხვავდება ქართული და ევროპული რესურსი. სწორედ ამიტომ იქნება კარგი, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ და შემდეგ უკვე ევროკავშირშიც მიგვიღონ, იმიტომ რომ იქ გაცილებით მეტია რესურსი, რაზე წვდომა ჩვენც გაგვიჩნდება“, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ გიორგი თოდუამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოც ევროპული მიმართულებით უნდა წავიდეს, რომ რაც შეიძლება მეტი რესურსები ჰქონდეთ ფერმერებს, რომ მიიღონ უმაღლესი ხარისხის მოსავალი, ტექნიკა შეიძინონ, ხელმისაწვდომი იყოს გრანტები სასოფლო სამეურნეო ბიზნესში და სხვა…