ქართველ ფერმერებს ისრაელიდან ჩამოსული ექსპერტები გადაამზადებენ
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონტრაციო ბაზეზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
თანამედროვე სათბური აღჭურვილია ვენტილაციის, ფერტიგაციის და წვეთოვანი მორწყვის სისტემებით, ამ ეტაპზე ნაკვეთზე ჰიდროფონიკის (მცენარის უნიადაგოდ მოყვანის ინოვაციური მეთოდი) ტექნოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს.
„ჩვენი თანამშრომლობა შემდგომში სემინარების და ტრენინგების სახით გაგრძელდება, რომლის დაწყებასაც ოქტომბრიდან ვგეგმავთ. ისრაელიდან ჩამოვლენ ექსპერტები, რომლებიც მათ გამოცდილებას გაუზიარებენ ფერმერებს. ჩვენ ასევე მზად ვართ ქართულ მხარეს ისრაელში არსებული სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით დავეხმაროთ“ - აღნიშნა ისრაელის ელჩმა ჰადას ესტერ მეიცადმა.
სათბურის ძირითადი დანიშნულება ახალგაზრდა ფერმერების გადამზადება და მათთვის სემინარ-ტრენინგების ორგანიზებაა. აქ სხვადასხვა ქვეყნის აგრონომებსა და ექსპერტებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.
სტურმებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება.