სოფლის მეურნეობა
20/10/2020

ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია

საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია. საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, გასამმაგებულია და 120 ათას ტონას აღემატება.

გარემოს და აცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყნიდან ექსპორტირებულია 2 514 ტონა ვაშლი, 7-ჯერ მეტი, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად, 370%-ით არის გაზრდილი შარშანდელთან შედარებით და 1,1 მლნ დოლარს შეადგენს.

თუმცა ქართული ვაშლის ძირითადი საექსპორტო ბაზარი რუსეთია, სწორედ რუსეთში გავიდა 2 431 ტონა ქართული ვაშლი, ყაზახეთში კი 75 ტონა ვაშლი გაიყიდა, 6.5 ტონა მოდის სომხეთზე, მცირე ნაწილი (0.3 ტონა)  კი სხვა ქვეყნებზე.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.