სოფლის მეურნეობა
01/07/2023

"ჰარვიტა" გაფართოებას გეგმავს

საქართველოში ხის სოკოს ერთადერთი მსხვილი მწარმოებელი აგროჰოლდინგი „ჰარვიტა“ გაფართოებას და დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი გოგბაიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე, „ჰარვიტას“ საწარმოში იტალიიდან, ბელგიიდან და ნიდერლანდებიდან ჩამოტანილი დანადგარებითა და მინიმალური ადამიანური რესურსით, წლიურად 400 ტონა ხის სოკოს აწარმოებენ.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საკმაოდ მასშტაბური წარმოება გვაქვს და წარმადობაც დიდია, ეს მაინც არ არის საკმარისი ადგილობრივი ბაზრის სრული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სწორედ ამიტომ, ამ საწარმოს მშენებლობისას, სამშენებლო მოედანი ისე დავგეგმეთ, რომ წარმადობის გაორმაგება ნაკლები რესურსებით შეგვძლებოდა ძალიან მოკლე დროში. პროცესები უკვე დავიწყეთ და სავარაუდოდ, 1 წელში ჩვენ უკვე წარმოებას გავზრდით“, - აღნიშნა გიორგი გოგბაიძემ.

მისი თქმით, აგროჰოლდინგი ამაზე გაჩერებას არ აპირებს და მის გეგმებში ქამა სოკოს წარმოებაც შედის.

გიორგი გოგბაიძე სოკოს წარმოების პროცესზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ზოგადად, მემცენარეობაში სოკოს წარმოება ყველაზე რთულ მიმართულებად მიიჩნევა.

„ხის სოკოს მოყვანა საკმაოდ კომპლექსური პროცესია, ბევრი ეტაპისგან შედგება. პირველი ეტაპი ნამჯის მოპოვებაა, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ, შემდეგ იწყება ნამჯის გადამუშავება, ფერმენტაცია და ა.შ. ბოლო ეტაპი სოკოს დათესვაა. პირველი მოსავლის აღება დათესვიდან 20-21 დღეში ხდება“, - განაცხადა გიორგი გოგბაიძემ.

ცნობისთვის,  ამჟამად, „ჰარვიტაში“ წარმოებული სოკოს რეალიზაცია მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება. აგროჰოლდინგმა ქვეყანაში ხის სოკოს იმპორტი 100%-ით ჩაანაცვლა და წელს უკვე ექსპორტზე გასვლის საკითხზეც მუშაობს. ქართული ხის სოკო მალე საქართველოს მეზობელ, ასევე გალფის ქვეყნებში გაიყიდება.

 

 

 

Businesspartner