სოფლის მეურნეობა
16/02/2022

"გირჩევნია" ექსპორტის განახლებას ზაფხულიდან გეგმავს

ადგილობრივი, ნატურალური ქართული პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "გირჩევნია" ექსპორტის განახლებას მიმდინარე წლის ზაფხულიდან გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი გოგა ციცქიშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტს კომპანია გასულ წელს პარტნიორი ორგანიზაციის დახმარებით ახორციელებდა, რომელიც ამ დროისთვის დროებით შეჩერებულია.

„ახლა ამოწურული გვაქვს მარაგები, ფაქტობრივად, ძალიან ცოტაა დარჩენილი, ახალ სეზონამდე გაგვაქვს თავი,“-აცხადებს ციცქიშვილი.

გირჩის მურაბა, ფიჭვის ყვავილის ჩაი, ფიჭვის სიროფი, ფიჭვის კევი და ფიჭვის ყვავილის მტვერი იყიდება როგორც ქსელურ, ისე სპეციალიზირებულ აგრო-მარკეტებშიც. 200 მილიგრამიან ქილაში გირჩის მურაბის ფასი 4 ლარია (კომპანიის ფასი).

ნედლეული ბორჯომსა და რაჭაში გაზაფხულზე, ან ზაფხულის პირველ დღეებში გროვდება. „ხელშეკრულებები გვაქვს კერძო მესაკუთრეებთან, მკრეფავები მიგვყვავს,“ - აცხადებს ციცქიშვილი.

კომპანია 2013 წელს დაარსდა. დასაწყისში საქმიანობას საოჯახო წარმოების სახე ჰქონდა, თუმცა, მალევე, ცნობადობის გაზრდასთან და მომხმარებელთა რაოდენობის მატებასთან ერთად, ბრენდი ოფიციალურ, სტანდარტულ საწარმოდ ჩამოყალიბდა.