ღვინის 13-მა კომპანიამ საექსპორტო მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების 175 კომპანიიდან საექსპორტო მოთხოვნები 13-მა ვერ დააკმაყოფილა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში საექსპორტო პროდუქციის ინსპექტირება განხორციელდა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 175 კომპანიაში. სულ აღებული იყო 427 ნიმუში, სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა 13 კომპანიას.
საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიაში ჩატარდა 118 დეგუსტაცია. სულ წარმოდგენილი იყო 4131 ნიმუში, მათგან უარყოფითად მხოლოდ 202 შეფასდა.
ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება
შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად, 2020 წლის დასაწყისში, ღვინისა და სპირტიანი სასმელების წარმოების ტექნიკურ რეგლამენტებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა.
ცვლილებებით, ღვინო და ალკოჰოლიანი სასმელები ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობაზე შემოწმდება, რაც განსაზღვრავს პროდუქცია არის თუ არა ყურძნისეული წარმოშობის.