სოფლის მეურნეობა
28/07/2021

Georgian Products Renaissance: საქართველოში მოყვანილი პეკანი ევროპაში ექსპორტზე წელს გავა

თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-მა ამერიკული ჯიშის კაკალის - პეკანის წარმოება/გადამუშავება დაიწყო.

კომპანიის დამფუძნებელი ბაია სალუქვაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ხობის საწარმოს დაემატა ახალი გადამამუშავებელი ხაზი, რამაც კომპანიას საშუალება მისცა ამერიკული ნიგოზი გადაამუშაოს.

სატესტო პარტია პოლონეთში უკვე გაიგზავნა, მიმდინარე წლის მოსავალი კი ევროპის სხვა ქვეყნებში გაიგზავნება. სალუქვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული პეკანის რეალიზაცია საქართველოშიც განხორციელდეს, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას არ აქვს საკუთარი დისტრიბუციის ქსელი, ბევრად მარტივია ექსპორტზე მუშაობა.

„ნედლეულს ფერმერებისგან ვიბარებთ, რომელსაც ვტეხავთ, ვაკალიბრებთ. 1 კილოგრამი პეკანის გულის საექსპორტო ფასი 8-9 დოლარია. გასულ წელს 25 ტონა გადავამუშავეთ, 2021 წლის ნოემბრიდან დაახლოებით ამავე რაოდენობის ან მეტ პეკანს მივიღებთ და ექსპორტზე გავიტანთ,“ - აცხადებს სალუქვაძე.

შეგახსენებთ, სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა. საინვესტიციო ღირებულება 0.5 მლნ ლარია. 2014 წელს კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის" ფარგლებში 391 166 დოლარის სესხი, ასევე გრანტის თანადაფინანსება 312 932 დოლარი მიიღო. დაფინანსების შედეგად, კომპანიამ ქარხნისთვის საჭირო ყველა ტექნიკა შეიძინა, მათ შორის სამტვრევი, შესაფუთი და მოსახალი დანადგარები, კომპანიის მეორე საწარმო, რომელსაც თხილის შესანახად იყენებს, კახეთში აქვს.