სოფლის მეურნეობა
02/11/2022

Georgian Products Renaissance: ქართული თხილი წელს ექსპორტზე მოთხოვნადი არ არის

კომპანია Georgian Products Renaissance-ს  დაფუძნებელი ბაია სალუქვაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილზე დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია არ გაჩერებულა და ყოველდღიურად ახდენს პროდუქციის მიღებას და ექსპორტს.

როგორც სალუქვაძე განმარტავს, წელს კომპანიამ აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში  ექსპორტზე დაახლოებით 400 ტონაზე მეტი გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20-30%-ით დაბალია.

მისივე გამარტებით, წელს ექსპორტზე ქართულ თხილზე მაღალი მოთხოვნა არ არის. „ცოტა რთული წელი გვაქვს, ევროპა მარაგების გაკეთებისგან თავს იკავებს. ყიდულობს იმდენს, რაც იმ მომენტისთვის სჭირდება“-აცხადებს სალუქვაძე.

Georgian Products Renaissance-ს  დაფუძნებელი  თხილის ფასსაც მიმოიხილავს და განმარტავს, რომ წელს პროდუქტის ღირებულება  საკმაოდ დაბალია გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ბაზარზე კარგი მოსავალია,ამას ემატება  გლობალური კრიზისი, რაც საბოლოო ჯამში აისახება მოთხოვნა-მიწოდებასა და ფასზე.

წელს თხილის საექსპორტო ფასი 1 კგ-ზე დაახლოებით 5 აშშ დოლარამდეა.  გასულ წელს კი ამავე პერიოდში კილოგრამი თხილის სტაბილური ფასი 6 აშშ დოლარს შეადგენდა. რაც შეეხება ადგილობრივ ფასს, სამეგრელოში 1 კილოგრამი თხილის ჩაბარება 3-4 ლარის ფარგლებში მერყეობს.

ექსპორტიორ ქვეყნებს წარმოადგენენ აზია-აფრიკის ქვეყნები, სამხრეთ ამერიკის და ევროპის ქვეყნები. ქართული თხილი გადის ჩინეთშიც. კომპანია თხილის გულს დაახლოებით 35 ქვეყანაში ყიდის.თხილის დამამუშავებელი კომპანია Georgian Products Renaissance-ი 100%-ით საექსპორტო პროდუქციას აწარმოებს.

სამეგრელოში, ხობში მდებარე საწარმო Georgian Products Renaissance-ი 2013 წლის ოქტომბერში დაფუძნდა.

 

 

Businesspartner