გარჩეული თხილი 12-14 ლარი ღირს, გაურჩეველის ფასი 4-დან 6.5 ლარამდეა
საქართველოში თხილის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. როგორც „ბიზნესპარტნორთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი თოდუა განმარტავს, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე თხილის ხარისხისა და მოსავლის რაოდენობის 20%-25% -იან ზრდას ელიან.
გადამუშავებული ხარისხიანი თხილი ევროპის ქვეყნებში, ძირითადად, იტალიასა და გერმნიაში გავა.
რაც შეეხება ფასებს, გიორგი თოდუას განმარტებით, გარჩეული თხილის ღირებულება, ხარისხის მიხედვით, 12-დან 14 ლარამდე მერყეობს, გაურჩეველის კი 4-დან 6.5 ლარამდეა.
მისივე თქმით, შედარებით დაბალი ხარისხის, შეუწამლავი თხილი დღეს ბაზარზე 3 ლარის ფარგლებში იყიდება.
„სახელმწიფო სუბსიდია 44 ჰა-ზე მეტ ტერიტორიას მოიცავს და 90 000 ბენეფიციარი ყავს, რაც ძალიან კარგია, თუმცა, არის ფერმერების ნაწილი, ვინც ისარგებლა, მაგრამ პასუხისმგებლლობით არ მოეკიდა სუბსიდირებას. მათი თხილის ხარისხი კარგი არაა და ამ საკითხზე მათთან სისტემატიური მუშაობა მოგვიწევს. ხოლო იმ ფერმერების თხილი, რომლებმაც ზედმიწევნით გაითვალისწინეს ყველაფერი, 6-6.6 ლარი ღირს,“ - აღნიშნავს გიორგი თოდუა.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი "ბიზნესპარტნიორთან" საუბრისას სუბსიდიის მექანიზმსაც შეეხო და აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ სუბსიდია უფრო დახვეწილი ფორმით გაგრძელდება.
„ქართულ თხილს პერსპექტივა მეტი აქვს. ძალიან კარგი იქნება, თუ სუბსიდია გაგრძელდება, თუმცა უფრო დახვეწილი ფორმით. ვგულისხმობ იმას, რომ მეტი კონტროლია საჭირო წამლების ხარისხზე. ფერმერს არ უნდა ქონდეს საშუალება, რომ სხვა რამ იყიდოს გარდა საჭირო პრეპარატისა, “ - აღნიშნა გიორგი თოდუამ.
შეგახსენებთ, თხილის მოსავლის აღება ივლისის ბოლოს - აგვისტოს თვის დასაწყისიდან იწყება და სექტემბერში სრულდება.