სოფლის მეურნეობა
17/05/2021

ფერმერებს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა აქვთ

საქართველოში ფერმერებს სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა წელსაც აქვთ. საკონსულტაციო კომპანია „აგრო სოლუშენსის“ დირექტორის განმარტებით, ათასობით ჰექტარი მიწა ურწყავი რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში აქტიურად დაიწყო მწყობრიდან გამოსული სამელიორაციო არხების შეკეთება, ქვეყანაში მაინც მწვავედ დგას ურწყავი მიწების პრობლემა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია აღმოსავლეთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერი იხდის სარწყავი წყლის გადასახადს, ის გარანტირებული არასდროს არის, რომ იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მას ნაკვეთის მორწყვა სჭირდება, წყალი ექნება. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არაერთი კომპანია, რომელსაც ჩვენ აგრომიმართულებით კონსულტაციებს ვუწევთ. არ მაქვს საუბარი მხოლოდ წვრილმიწიან ფერმერებზე, საშუალო და მსხვილ მიწიან ფერმერებსაც ხშირად აწუხებთ სარწყავი წყლის დროული მიწოდების პრობლემა,“ - აღნიშნა დიანა ბერიამ.

მისივე განმარტებით, ადამიანები, რომლებიც პირნათლად იხდიან მათზე „საქართველოს მელიორაციის“ მიერ დაკისრებულ გადასახადს, „ხელჩართულ ომში“ არიან მათთან ვინც არ იხდის გადასახადს, მაგრამ იყენებს წყალს.

„მივდივართ იქამდე, რომ „საქართველოს მელიორაციაში“ უფრო მეტად მენეჯმენტური პრობლემა არის. ვინაიდან, იმ პირობებში, როდესაც ასე აქტიურად მიმდინარეობს სარწყავი არხების რეაბილიტაციის პროცესი, კვლავ ასე აქტიურად არ უნდა იდგეს წყლით უზრუნველყოფის პრობლემა. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ კახეთი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით აქტიური რეგიონია. დედოფლისწყაროში არის ათასობით ჰექტარი ნაკვეთი, რომელიც დღესაც ურწყავია. ეს ნაკვეთები ამოვარდნილია მწარმოებლურობის ჯაჭვიდან და საბოლოოდ იმ პრობლემამდე მივდივართ, რომ ქვეყანა ვერ აწარმოებს იმ რაოდენობს მოსავალს, რაც უნდა ჰქონდეს,“ - აღნიშნა დიანა ბერიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მელიორაცია ფერმერებისთვის სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად და სარწყავი არხების რეაბილიტაციისთვის წელს 48 მლნ ლარს დახარჯავს.

Businesspartner