სოფლის მეურნეობა
29/04/2023

"ფერმერებს მომავალი წლის მოსავლის დაზღვევა წინასწარ შეუძლიათ" - ნატალია ხარატიშვილი

აგროდაზღვევის პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა. ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ნატალია ხარატიშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში მევენახეები 50%-ის ნაცვლად 70 %-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ. რაც შეეხება სხვა კულტურებს, მათი დაფინანსება კვლავ 70%-იანი დაფინანსებით გაგრძელდება.

როგორც ხარატიშვილი აღნიშნავს, 70% არის პოლისის  თანადაფინანსება, რომელიც ერთი ფერმერისთვის  ყველა კულტურაზე 10 ჰექტრის დაზღვევას ითვალისწინებს, ხოლო მარცვლეული კულტურების შემთხვევაში 50 ჰექტარს. რაც შეეხება კოოპერატივებს, ჰექტრების შეზღუდვა მათ არ ეხება, რომლის პრემიის ღირებულებასაც, 50 ათასი ლარის ოდენობით, სახელმწიფო გადაიხდის.

აღსანიშნავია, რომ ფერმერები სადაზღვეო კომპანიებს გაზაფხულზე მიმართავენ. ახლა კი  მრავალწლოვანი კულტურების შემთხვევაში ფერმერებს უკვე აქვთ შესაძლებლობა მომავალი წლის მოსავალი წინასწარ დააზღვიონ და არ ელოდონ ყოველი გაზაფხულის დადგომას.

„შარშან თუ ბენეფიციარს ერთი ჰექტარი თეთრ ყურძნიანი ვაზის დაზღვევაში  340 ლარის გადახდა უწევდა, წელს უკვე 255 ლარს და 12 თეთრს გადაიხდის, რაც 84 ლარით ნაკლებია. შედეგად, მას  დაზღვეული ექნება 8 ათასი ლარის მოსავალი, ხოლო წითელ ყურძნიანი ვაზის შემთხვევაში, თუ  637 ლარს იხდიდა, ახლა გადაიხდის 478 ლარს, ეს არის 159 ლარით ნაკლები, ვიდრე წინა წელს უწევდა და დაზღვეული ექნება 15 ათასი ლარის მოსავალი," - აცხადებს ხარატიშვილი.

სააგენტოს 54 მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო სერვის ცენტრი აქვს, რომლის ფარგლებშიც  სოფლის მოსახლეობასთან ინფორმაციის მიწოდება ხდება პროექტებისა და აგროდაზღვევის  დეტალების შესახებ. ასევე სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს ლაივ ჩართვებს, სადაც დეტალურად განმარტავენ ყველა პროცედურულ დეტალს.

ცნობისთვის, მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში აგრო დაზღვევა მუშაობს, სეტყვაზე, წყალდიდობაზე, ქარიშხალსა და საშემოდგომო ყინვაზე. საშემოდგომო ყინვა მოქმედებს მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის.

 

Businesspartner