სოფლის მეურნეობა
29/08/2022

"ბუტრანა" პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

კომპანია "ბუტრანა" პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" "ბუტრანას" დამფუძნებელმა ჯემალ ხატიაშვილმა  განაცხადა, შესაძლებელია პროდუქციის გატანა მეზობელ ქვეყნებში მოხდეს, თუმცა, ეს შედარებით გრძელვადიანი გეგმაა.

აღნიშნული გეგმის ნაწილია იმ სტანდარტების დანერგვა, რასაც კომპანია უკვე აქტიურად ახორციელებს.

როგორც ხატიაშვილი აღნიშნავს, „ბუტრანას“ მერძეული ფერმა ერთ-ერთი პირველია საქართველოში, რომელმაც საწარმოო პროცესში „გეო გაპ” სტანდარტი დანერგა. ეს არის ადგილობრივი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს უვნებელი, ხარისხიანი და მიკვლევადი რძის წარმოებას.

კომპანია  2019 წლიდან სერტიფიცირებულია საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მუდმივი აღიარების სერტიფიკატითაც.

ხატიაშვილის ინფორმაციით, საწარმოში ინერგება ISO 22000 -ის სტანდარტი, რომელიც  ადგენს მოთხოვნებს სურსათის უვნებლობის დაცვის სფეროში.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე დაგეგმილია ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისება, უკვე ამის შემდეგ მოხდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაც. 2023 წლისთვის დაგეგმილია საფირმო მაღაზიის და რესტორნის გახსნაც.

შეგახსენებთ, „ბუტრანამ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფერმა  მიმდინარე წლის აპრილში გახსნა. საინვესტიციო ღირებულება 1 მილიონი ლარია.

ამჟამად კომპანია 20 დასახელების ყველს აწარმოებს,სამომავლოდ, დაგეგმილია ასორტიმენტის 30-მდე გაზრდა. მათ შორის, უკვე იწარმოება საფერავში დაძველებული ყველი, თაფლში დავარგებული ყველი, მწვანე და წითელ პესტოში დამზადებული ყველი, თხილიანი, კენკტიანი აჯიკიანი და ა.შ.

კომპანია ყველის გარდა,  ქვევრის ღვინოსა და სუფრის ყურძენს აწარმოებს.

 

Businesspartner